„არასდროს არავის არ უნდა ებრძოლო, საკუთარი თავის გარდა!“

    სამი შვილი და დატვირთული დღის რეჟიმი, რადგან თეატრი ნანა ბუთხუზის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სამყარო, სადაც ბავშვობა არასდროს მთავრდება…

– სამი შვილი და დატვირთული დღის რეჟიმი…
– დიახ, სამი შვილი და ბედნიერი ვარ ამით. მიუხედავად დატვირთული დღის რეჟიმისა, ყველაფერი ლაგდება მაშინ, როდესაც გინდა, რომ დალაგდეს და ყველაფერს ახერხებ, თუ ამის სურვილი გაქვს. მთავარია გინდოდეს, გჯეროდეს და გიყვარდეს. რაც მთავარია, მყავს არაჩვეულებრივი დედა, რომელიც ძალიან მეხმარება (ძიძა არასდროს მყოლია), თვალდახუჭული ვენდობი და ეს დიდი ბედნიერებაა. მადლობა დედა! ჩემი სიმდიდრე ჩემი ოჯახია!
– თეატრი შენს ცხოვრებაში…10811504_761659440549777_958981075_n
– თეატრი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ალბათ, რომ დავიბადე, უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ მსახიობი უნდა ვყოფილიყავი. არ მახსოვს, როდის რა გადავწყვიტე. მახსოვს ის, რომ ეს სულ იყო და არასდროს არ დამთავრებულა. ის ჩემია, როგორც მე მისი და ჩვენ გვიყვარს ეთმანეთი! თეატრი ჩემთვის ის სამყაროა, სადაც ბავშვობა არასდროს მთავრდება და ცხოვრება მარადიული ხდება! თითქოს სიკვდილი აღარ არსებობს და იმდენად დიდია შეგრძნება სიყვარულისა, რომ სამოთხეში ხარ…
– ამბობენ, მარტო თეატრით ვერ გაგიცნობს მაყურებელი, დაავიწყდებიო, მაგრამ შენ კარგად გიცნობს ქართველი მაყურებელი…
– მართალია, მარტო თეატრით ვერ გაგიცნობს მაყურებელი. თუ, მართლაც, კარგად მიცნობს ქართველი მაყურებელი, მხოლოდ თეატრით, მადლობელი ვარ. ეს დიდი პატივი და ჯილდოა ჩემთვის. მე მიყვარს ჩემი მაყურებელი. უდიდეს პატივს ვცემ მას და იმედი მაქვს, ისინი ამას ჩემზე უკეთ გრძნობენ. წარმოუდგენელია ჩვენი არსებობა მათ გარეშე. თუმცა, საზოგადოების დიდი ნაწილი თეატრში ვერ დადის, სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს არ არის დაშაული, ეს ცხოვრებაა… ზოგს თეატრი არ უყვარს, სამაგიეროდ უყვართ კინო. გამიხარდება, თუ ოდესმე კინოს შევეხები და გავიცნობ პროფესიული თვალსაზრისით. ალბათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს და თუ, ეს მოხდება, შევძლებ თქმას, რომ ქართველი მაყურებელი კარგად მიცნობს. ჯერჯერობით მაინც მგონია, რომ ეს ასე არ არის.
შენი ყველა როლი წარმატებულია…10799405_761659430549778_1397342467_n
– მადლობელი ვარ ასეთი მაღალი შეფასებისთვის, თუმცა ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის და საკუთარი თავით დაკმაყოფილებული მსახიობის მე არ მჯერა. ეს პროფესია მუდმივი ძიების პროცესია და საკუთარი თავის აღმოჩენების საიდუმლო ელემენტებს შეიცავს, რომელსაც სიტყვებით ვერ ახსნი. ყოველი ახალი როლი, ახალი სიცოცხლის დასაწყისია, დაბადებაა ისეთი საოცარი შეგრძნებების, რომელზეც არასდროს გიფიქრია. აღმოჩენაა საკუთარ თავში იმ უნარების, რომლებიც გეგონა, რომ არასდროს გაგაჩნდა. რეალიზება კი დიდი გამარჯვებაა საკუთარ თავზე. ეს უდიდესი თერაპიაა, რომელიც ყოველგვარ სიავეს კურნავს. ეს პროცესი არასდროს მთავრდება. მთავარია იყო გულწრფელი, არ შეგეშინდეს და ყველაფერს შეძლებ. თავისუფლების შეგრძნება საოცრებაა და სასწაულიც. ეს პროფესია უძლიერეს ადამიანად გწრთვნის, რომელსაც სწამს, სჯერა და უყვარს! ეს ყოველივე განაპირობებს როლის წარმატებულობას. გარდა ამისა, შეუძლებელია კარგი რეჟისორის და ნიჭიერი მსახიობების გვერდით იდგე და წარუმატებელი იყო. მადლობა ღმერთს და თითოეულ მათგანს ამ ყველაფრისთვის!
– რას გრძნობ როდესაც სცენაზე დგახარ?
– სცენაზე დგომა დიდი პასუხისმგებლობაა. თუ  ეს პასუხისმგებლობა კარგად გაქვს გათავისებული, ზუსტად იცი, რისთვის დგახარ სცენაზე და რა გინდა, იბადება განცდა სიამოვნების და მაყურებელი გულისყურით მოგყვება, სჯერა შენი. სჯერა მაშინ, როცა გჯერა შენ და ჩვენ – ყველა  ერთად ვქმნით ახალ და მარადიულ სამყაროს, სადაც უბრალო რწმენითა და მონდომებით ოცნებები სრულდება და ცხოვრება მშვენიერია, მიუხედავად თავისი მანკიერებებისა! განა ეს არ არის, თავისუფლების უდიდესი აღმოჩენა შენში და წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდ სიამოვნებასთან გვაქვს საქმე!10799623_761659433883111_48894773_n
– საყვარელი და სასურველი როლი…
– რთულია, გამოვყო. ყველა როლი, რაც მითმაშია და რასაც ვითამაშებ, საყვარელია და სასურველი. როგორ შეიძლება შვილებიდან რომელიმე გამოვყო, ყველა მიყვარს და მეყვარება.
– რომელ როლზე თქვი უარი და რატომ?
– მსგავსი რამ არ მახსენდება. თუმცა, იყო ერთი შემთხვევა, როდესაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რეჟისორს არ ვუნდოდი და წამოვედი. ვთვლი, რომ იქ სადაც არავის არ სჭირდები, არ უნდა იყო.
– ყველაზე მეტად როდის ნერვიულობ და განიცდი?
– ვნერვიულობ მაშინ, როცა ომია! განვიცდი უდანაშაულო ადამიანების ბრძოლას გადარჩენისთვის. ტკივილს, რომელსაც ადამიანი განიცდის ტყუილის გამო. ვნერვიულობ მაშინ, როდესაც გაურკვევლობა და ქაოსია! განვიცდი დიდ ტკივილს, როდესაც ტყუილი და ღალატია!
– თუ გიწევს საკუთარ თავთან ბრძოლა?
– საკუთარ თავს მუდმივად ვებრძვი და თუ ეს ბრძოლა  დამთავრდება, მეც დვმთავრდები! არასდროს არავის არ უნდა ებრძოლო, საკუთარი თავის გარდა! ეს დაუწერელი კანონია!
– შენთვის, როგორც მსახიობისთვის, ვინ არის მაყურებელი და რას ცვლის შენს ცხოვრებაში?
– მაყურებელზეა დამოკიდებული მსახიობის ბედი. მის ხელშია ძალა, რომელსაც შეუძლია თვით იმპერატორსაც შეაცვლევინოს გადაწყვეტილება არენაზე. მაყურებელი წყვეტს ყველაფერს და გამოაქვს დასკვნა! მაყურებელი ჩემს ცხოვრებას აძლევს სტიმულს და ცვლის უკეთესობისკენ!ის ყველაზე სამართლიანია, მთავარია არ მოატყუო და იგრძნოს, რომ გიყვარს!
– იყო საყვარელი მსახიობი…
– იყო საყვარელი მსახიობი, ნიშნავს, იყო ბავშვივით გულწრფელი. მსახიობი ხომ სულს აშიშვლებს ისევე, როგორც ბავშვი. გენდობა და სჯერა. მთავარია, არ მოატყუო! ტყუილს არ გაპატიებს! დააკვირდით ბავშვებს – შეუძლებელია ისინი არ გიყვარდეთ! მე მიყვარხართ თქვენ, ნიშნავს, თქვენ გიყვარვართ მე! მადლობელი ვარ!

10751812_761659437216444_1279148998_n

10808083_761659423883112_335931316_n

10811504_761659443883110_1381385898_n

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები