„იპოვეთ საკუთარი თავი და ცხოვრება უფრო მარტივი, დადებითი ემოციებით სავსე იქნება“…
ხატვა, ფოტოგრაფია, ეკონომიკის და სარეჟისორო ფაკულტეტები – ზოგი ჰობია, ზოგი პროფესია, თუმცა მისი ცხოვრება მრავალმხრივი, მრავალფეროვანი და მუდმივად ცვალებადია. დიმა სარალიძე თვლის, რომ ადამიანი მრავალმხრივია, მუდმივად უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე და აკეთოს ის, რაც უნდა…
– პირველი ფოტოაპარატი და ფოტოგრაფია შენს ცხოვრებაში…
– ჯერ კიდევ ბავშვობაში, სახლში, პატარა საბჭოთადროინდელი ფოტოაპარატი „სმენა“ ვნახე და დავიწყე ფოტოების გადაღება. გამიტაცა და თითქმის ყველაფერს ვიღებდი, რაც თვალში მომხვდებოდა. კომპოზიციის საფუძველი მქონდა. დედა მხატვარია და მეც ბავშვობიდან ვხატავდი.
სკოლის პერიოდში, მეგობარს გოგონა შეუყვარდა და, ძირითადად, მისთვის ვიღებდი ფოტოებს. მერე სახლში ვიკეტებოდით და ვბეჭდავდით. ეს პროცესი მომწონდა – შავ-ბნელ ოთახში ზიხარ და წითელ შუქზე ნელ-ნელა რაღაც გამოსახულება ჩნდება.
მერე სხვადასხვა პერიოდი იყო. უნივერსიტეტი – ეკონომიკის ფაკულტეტი, თეატრალური უნივერსიტეტი – სარეჟისორო ფაკულტეტი. თითქოს თავი დავანებე, დრო აღარ მქონდა, მაგრამ შინაგანად შემოქმედი რომ ხარ, მაინც გაიღვიძებს. უბრალოდ მიყვარდა გადაღების პროცესი და ეს ჩემი ჰობი იყო. არასდროს მიფიქრია მისი პროფესიად არჩევა.
– საერთოდ, ფიქრობდი პროფესიაზე?
– ძალიან კარგად ვხატავდი და სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება მინდოდა. დედამ რომ გაიგო, მითხრა: „რად უნდა საქართველოს კიდევ ერთი მშიერი მხატვარი… ხატვა ისედაც იცი და ვინ გიშლის, ხატე. ისეთი პროფესია უნდა აირჩიო, რომელიც შემოსავალს მოგცემს.“ ახალი არაფერი იყო, ყველა მშობელი ასე ფიქრობს. მამაჩემი პროფესორი იყო. მისგან წამოვიდა შემოთავაზება სამედიცინოზე ჩაბარების, მაგრამ უარი ვთქვი. ამდენ ავადმყოფს ყოველდღე ვერ გავუძლებდი. ჯარში რომ არ წავსულიყავი, უნივერსიტეტში ჩავაბარე. უკმაყოფილო არ ვარ. ფილოსოფია, ფილოსოფიის ისტორია, გეოპოლიტიკა- მომწონდა ეს საგნები. ბევრი მომცა იმ წლებმა.
– სარეჟისორო ფაკულტეტი რატომ გადაწყვიტე?
– ფილმებს რომ ვუყურებდი, ჩემი ვერსიები მქონდა. ვფიქრობდი, მე როგორ გადავიღებდი ამა თუ იმ ფილმს. რა გითხრათ, ცხოვრება სიურპრიზებით სავსეა. მომწონდა, მინდოდა და თუ გულით რაღაც გინდა, ის უნდა გააკეთო. სცადო მაინც.
– როგორ თახმდებიან ერთმანეთთან ფოტოგრაფია და რეჟისურა?
– უბრალოდ ამ ეტაპზე ფოტოგრაფია მომწონს და მახარებს. მერე რა იქნება, არ ვიცი. ჯერჯერობით იმას ვაკეთებ, რაც მიხარია. საერთოდ, ადამიანი მრავალმხრივია. ბევრს ეზარება საკუთარ თავზე მუშაობა. ხანდახან ერთ ჩარჩოში იკეტებიან, არ უნდათ სხვა რაღაცებშიც მოსინჯონ საკუთარი ძალები. ფოტოგრაფიაში მნიშვნელოვანია ვიზუალური მხარე და ის არანაირად არ შეუშლის ხელს რეჟისურას. მაგალითად, ფოტოგრაფიაში მნიშვნელოვანია ლამაზი შუქის დაჭერა, რომელიც რეჟისურაში გამომადგება. ერთმანეთს ავითარებს.
– ყველაზე კარგი ფოტო შენს შემოქმედებაში…
– ეს არის, სამი-ოთხი წლის წინ, რუსთაველის ქუჩაზე გადაღებული „დალეწილი მანეკენები“, რომლებიც ცოცხალ ადამიანებს ჰგავდნენ. გადავიღე და ფორუმზე ავტირვთე. დიდი კამათი გამოიწვია და მივხვდი, რადგან ხალხი გააღიზიანია, მაგარია. ხელოვნების ნიმუში ადამიანს გულგრილს არ უნდა ტოვებდეს.
– ბრძოლა გიწევს?
– რა თქმა უნდა. ვთვლი, რომ არასდროს არ უნდა გაჩერდე იმაზე, რასაც მიაღწევ. ყველას რომ მოეწონოს ჩემი ნამუშევარი, მე ვეცდები, რომ უფრო მაგარი რამ გავაკეთო. ჭაობად არ უნდა იქცე. სულ ახალი უნდა აკეთო. უნდა ვითარდებოდე… სამწუხაროდ, დღეს ადამიანები სხვისი ცხოვრებით და ემოციებით, ცხოვრობენ და საკუთარი ავიწყდებათ.
– ფოტოგრაფის ბედი საქართველოში – როგორ წარმოგიდგენია?
– ცხოვრებაში უნდა გქონდეს სიხარულის კმაყოფილების განცდა. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. მიხარია და მიყვარს, დილით რომ დავრბივარ, ვხატავ, ფოტოებს ვიღებ… ფულზე არ ვგიჟდები, ეს ბავშვობიდან მომყვება. ანაკლიაში პატარა სახლი გვაქვს. 90-იან წლებში, აფახაზეთის ომის დროს გაძარცვეს. გაძარცვის შესახებ რომ გავიგეთ, მე და მამა წავედით. სახლის ნახვის შემდეგ, სადაც, საერთოდ, არაფერი აღარ იყო დარჩენილი, მამამ მითხრა სიტყვები, რაც არასდროს მავიწყდება: „ჩვენ ხომ ჯანმრთელები ვართ და კარგად ვართ. ღმერთი კიდევ მოგვცემს. ეს ვიღაცას დასჭირდა და წაიღო.“ ამ სიტყვებმა აზრი შემიცვალა. ფული იმისთვის მინდა, რომ დავხარჯო. შეიძლება ხან მიჭირდეს, მაგრამ დღეს ხომ კარგად ვარ.
ფოტოს გადაღება იმიტომ მიყვარს, რომ რაღაც მომენტს, წამს აფიქსირებ, რომელიც შემდეგ მარადისობად იქცევა. ფოტოგრაფია ძალიან ბრწყინავს, მაგრამ რეალობას ქმნის. ყველაზე კარგი ფოტო მაშინ გამოდის, როცა საერთოდ არაფერზე არ ვფიქრობ…
– მუდმივად ცვალებადობა ცხოვრებას არ ართულებს?
– მე არ მიჭირს ადაპტაცია. თუ, კარგი რომანი დავწერე, რა ჯობია. მე არ ვცდილობ ერთ პროფესიაში დავმკვიდრდე. რაც უფრო მეტს გავაკეთებ, უკეთესია. მთავარია, რასაც აკეთებ გულწრფელად გააკეთო. რაღაცის გამო არ უნდა აკეთებდე. როდესაც მოტივია, ნამუშევარი კარგი და ხარისხიანი აღარ გამოდის. ვიღაცას შენს თავს აწონებ და საკუთარ „მე“-ს კარგავ. როცა იმას აკეთებ, რაც შენ გიხარია, საკუთარი თავის გახსნაში გეხმარება. მერე შეიძლება გამოიყენო კომერციული მიზნებისთვის, მთავარია, საკუთარ თავს არ უღალატო, თუნდაც ის მიუღებელი იყოს საზოგადოებისთის.
– დღეს პირველი პერსონალური ფოტოგამოფენა გაქვს…
– გამოფენაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ მეგობრებმა გადამაწყვეტინეს. ალბათ, დროც მოვიდა გამოფენის. დღევანდელ გამოფენაზე საზოგადოება ბოლო სამი წლის განმავლობაში გადაღებულ 70 ფოტოს ნახავს. რამდენიმე ფოტო შევარჩიე ოთხი წლის წინ, ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე გადაღებული. მგონი იქ უფრო მოხდა ჩემი გამოღვიძება. დასასვენებლად წავედი, მაგრამ, რაც იქ ვნახე, გამაოგნებელი იყო. წვეთი არ დამილევია, მაგრამ ნასვამი ვიყავი თითქოს – იმ ხალხისგან, არქიტექტურისგან. უკან რომ ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი, ახლა თვითმფრინავიც რომ აფეთქდეს, სულერთია, სამოთხე ვნახე დედამიწაზე. არაფერი წამომიღია. ფოტოაპარატი ვიყიდე და 800 ფოტო გადავიღე. ყოველ ქუჩაზე, რაღაც საინტერესო მხვდებოდა.
– გამოფენის პირობითი სახელწოდებაა „სათაური“…
– საერთოდ, ჩვენ ადამაინებს გვიყვარს ყველაფრისთვის სახელის მინიჭება. ვფიქრობ, ამ გამოფენას ეს სახელწოდება უხდება. ბევრის მეტყველია…
– რატომ აირჩიეთ საგამოფენო სივრცედ პარლამენტის ბიბლიოთეკა?
– წიგნები ბავშვობიდან მიყვარს. მომწონს გარემო და ის, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ – ქართულ კულტურას ემსახურებიან.
– ადამიანები შენს ცხოვრებაში და რას ელოდები დამთვალიერებლისგან?
– საერთოდ, მიყვარს პორტრეტები, მაგრამ ჩემს შემოქმედებაში ბევრია „არაადამიანურის“ პორტრეტები. შეიძლება ადამიანის პორტრეტი არ იყოს, მაგრამ იგივე რამეს გამოხატავდეს, რაც ადამიანი. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ გამოფენაზე ნახავს საზოგადოება.
ნაკლებად ვფიქრობ მომავალზე და არასდროს არ ვგეგმავ. როდესაც რაღაცას ელოდები, გინდა, რომ ის აუცილებლად შენებურად მოხდეს. შედეგს რომ გეგმავ, მერე ინტერესს კარგავ, უკმაყოფილების გრძნობა გაქვს. ჯობია ყველაფერი ისე მიიღო, როგორც არის. უფრო საინტერესო იქნება. ჩვენ, ადამიანებს გვიყვარს სახელების – ცუდის და კარგის მინიჭება. სინამდვილეში არაფერი ცუდი და კარგი არ არსებობს.
– ერთი მშვენიერი დღე…
– მე მგონი, ყველა დღე მშვენიერია. ყველა მომენტი. წარსულზე და მომავალზე ფიქრს რომ ვიწყებ, მერე ეს მომენტი მეკარგება. მთელი ცხოვრება შედგენილია ამ პატარა აწმყოსგან, წამიერი მომენტებისგან. არარეალურში რატომ უნდა დავიკარგო.
– და ბოლოს…
– ყველა ადამიანში არის პოტენციალი და დროს ნუ კარგავთ, გააღვიძეთ ის. რომ არ გამოვიდეს, მაინც გააგრძელეთ გზა. სხვა ადამიანის ცხოვრება შეიძლება საინტერესოა, მაგრამ საკუთარი ჯობია. თუ რამის გაკეთებას დაიწყებთ, ცხოვრება უფრო მარტივი და დადებითი ემოციებით სავსე იქნება.
მზევინარ ხუციშვილი