გიო კილაძე – “დრო ხომ არ არის წავიდე”

წერის გარეშე არ შუძლია. წერს ყოველთვის და ყველაგან, სადაც ეს შესაძლებელია. ამბობს , რომ  დიდი გრაფომანია და დასძენს,  რომ  გრაფომანობა  დაავადებად სულაც არ მიაჩნია და იქვე   განმარტავს, რომ  ეს ყველაფერი წერის სიყვარულია და მეტი არაფერი. პროფესიით ეკონომისტ-მათემატიკოსი წლების მანძილზე გამომცემლობას ხელმძღვანელობდა, დღეს კი  ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობს.

მისი ყველაზე დიდი პროექტი, ლიტერატურული ფორუმი   “ებლიტფო”,  უკვე რვა  წელია არსებობს, აქ პატივს სცემენ განსხვავებულ შეხედულებებს და რაც მთავარია, უყვართ ლიტერატურა და ლიტერატურის მოყვარულები.  მის საქმეებზე დაუსრულებლად საუბრობენ. იგი  თანაავტორია კრებულისა “ფარნაოზ ჩიკვილაძე – ცხოვრება და სპორტული მიღწევები”.  მეორე სამეცნიერო კრებული გახლავთ, “საზოგადოების, ბუნებისა და წარმოების სისტემური ურთიერთკავშირის ასპექტები და გარემო ბუნების დაცვაზე ორიენტირებული საბაზრო-ეკონომიკური ურთიერთობები”, რომელიც  გიორგი წერეთელთან თანაავტორობით გამოიცა. ამჟამად იგი რიგით მესამე წიგნზე მუშაობს. “სხვის წიგნებში მოხეტიალე კაცის ფიქრები” ერქმევა წიგნს და ორი წლის შემდეგ გამოვა, როდესაც ის 50 წლის გახდება.  უცხოელი  მწერლების, როგორებიც არიან კურტ ვონეგუტი, რეი ბრედბერი, სომერსეტ მოემი, ვირჯინია ვულფი, ქეთრინ მენსფილდი, ერნესტ ჰემინგუეი, ჰექტორ ჰიუ მონრო, სტივენ კინგი, სკოტ ფიჯერალდი  თითო მოთხრობა თარგმნა , თარგმანები აღარ მოსწონს  ავანტურულ პერიოდად თვლის და ამაზე არ საუბრობს.
გამონაკლისი ჰექტორ ჰიუ მონრო, იგივე საკი და  მარკ ტვენია. როგორც თვითონ ამბობს,  ყველაზე დიდი ჯაფა “გამპის“ თარგმანისას დაადგა და რომ არა ლიტერატურის მოყვარული და დიდი მცოდნე, მისი ფეისბუქელი მეგობარი ქალბატონი მარინა  გიგოლაშვილი (რომელიც სამწუხაროდ ახლახანს გარდაიცვალა) მეოთხე თავზე მიატოვებდა. თვლის, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ–ტელევიზია „Geolibtv“ და ინტერნეტ–რადიო „არსია“.  ამ თემაზე საუბარი უჭირს და   თვლის, რომ,  როცა დრო დადგება ისტორიასა და მომავალზე,  მერე ისაუბრებს.
“მომენატრე”– კრებული, სადაც 2007–2010 წლებში ებლიტფოზე გამოქვეყნებული ლექსებიდან თავად აირჩია და თითო ლექსი შეიტანა, ერთ ეგზემპლარად და ციფრულად. წელს  “ერთი ლექსი “ებლიტფოს” ამავე ფორმატებში სულ ახლახან გამოსცა.  ყავს მეუღლე და სამი შვილი.   არ სჯერა მათი, ვინც სამსახურს ოჯახზე წინ აყენებს. მიაჩნია, რომ იცხოვრა ისე,  როგორც შეძლო.
ბატონო გიო, რადგან ბევრი სხვა  რესპოდენტივით საკუთარ  მიღწევებზე ლაპარაკი არ გიყვართ, გადავწყვიტე თქვენი შემოქმედებითი გზა  მკითხველამდე   მოკლე ანოტაციის სახით  მიმეტანა.   რამე ხომ  არ გამომრჩა ან შემეშალა?
– არა, ნამდვილად, (იღიმება).
– და,  მაინც, ვინ არის გიორგი კილაძე?
– დავიბადე 1966 წლის 22 ივნისს,  ქალაქ ოზურგეთში. იმ დროს მახარაძე ერქვა. მშობლები მოსამსახურეები იყვნენ. მყავს ერთი და. ბავშვობა ზუსტად ისე გავატარე როგორც იმ დროს შეეფერებოდა.  მშობლებმა ჯერ ბაღში მიმიყვანეს თუ შემიყვანეს, მერე სკოლაში. ბაღის პერიოდი ნაკლებად მახსოვს. მახსოვს,  საოცარი ქალბატონი  – „ნადია გამგე“. მგონი ყველა ბავშვს უყვარდა. საოცარი სითბო მახსოვს მისგან. სკოლაში ნამდვილი პროფესიონალები და სულით მასწავლებლები მასწავლიდნენ. ნორმალურად ვსწავლობდი. მოკლედ არც თუ ისე ცუდად. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე. სიმართლე გითხრათ არ მეგონა, პირველივე წელს თუ ჩავაბარებდი. იმ დროს ასაკით, სიმაღლითა და სიგამხდრით ერთი ცნობილი ფილმის გმირს ვგავდი. კი, ცხონებული რამაზ გიორგობიანი რომ ასრულებს.  გამიმართლა და სკოლის დამთავრებისთანავე სტუდენტი გავხდი.
უნივერსიტეტშიც გამიმართლა. პროფესორ–მასწავლებლებიც კარგი მყავდა და თანაჯგუფელები. არა, კი არ გამრიცხეს ან  კურსზე კი არ ჩავრჩი, საბჭოთა  არმიაში გამიწვიეს. მოვიხადე, აბა სხვა რა გზა იყო. უნივერსიტეტი 1990 წელს დავამთავრე. წარმატებით – არა. მეოთხე კურსზე მუშაობა დავიწყე. სწორედ იმ დროს მივხვდი რას ნიშნავს, როცა მუშაობის მიხედვით გიხდიან.  გააკეთებ ბევრს, მიიღებ მეტს. არ მიყვარს „მოჭრილი ხელფასი“, მაგრამ ვეგუები. ხომ გახსოვთ, რასაც ვერ შეცვლი უნდა შეეგუო და რასაც ვერ  ეგუები, იმაზე უნდა წერო. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ თბილისის მენეჯერთა სკოლაში განვაგრძე სწავლა. იმ დროს ვისწავლე კვირის ფასი და იმ დროს ვისწავლე, რას ნიშნავს გუნდური მუშაობა. სადიპლომო ნაშრომიც რამდენიმე მსმენელს ერთად უნდა დაგვეწერა.
მერე ასპირანტურის წლები იყო… პარალელურად თბილისის მენეჯერთა სასწავლებელში „ბიზნესის საწყისებსა“ და „მარკეტინგის საფუძვლებს“ ვასწავლიდი.  ვაღიარებ: ჩემგან არც მასწავლებელი გამოვიდა და არც მეცნიერი. სტატიებს ახლაც ვაქვეყნებ. მიჩვევის ამბავია,  ალბათ.
1994 წელს ჩემმა მეგობარმა კახა რუსიძემ, თანაჯგუფელ გიორგი გიგინეიშვილთან ერთად გამომცემლობა „მერიდიანი“ დაარსა. დირექტორად მიმიწვიეს და მაშინ მიხვდი, რას ნიშნავს მეგობრის მეგობარს საქმეში ენდო.  გაგვიმართლა და „მერიდიანი“დღეს ერთ–ერთი წარმატებული გამომცემლობაა.
10 წელი დიდი დროა ერთ ადგილზე სამუშაოდ. ჩავთვალე, წასვლის დრო იყო და  წამოვედი. ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკვე 10 წელია ვმუშაობ. სხვა სამყაროა. სხვა დამოკიდებულებია, მათ შორის კოლეგების მიმართ. იდეები უფრო ნელა რეალიზდება, ვიდრე კერძო ბიზნესში. ეგ არაფერი, მთავარია,  წინ მივდივართ და ვვითარდებით.
მეუღლე და სამი ქალიშვილი მყავს. უფროსმა სიმაღლითაც გამასწრო და განათლებითაც.  შვილებთან, ისევე როგორც მეუღლესთან, ვმეგობრობ. არ მჯერა მათი, ვინც სამსახურს ოჯახზე წინ აყენებს.
რა ასაკიდან წერთ?
ზემოთ გითხარით და განვმეორდები: რაც თავი მახსოვს ვწერ. ადრე ინტერვიუში ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ვწერდი იმიტომ, რომ კითხვა მესწავლა. ყველაზე ღირებული რაც დამიწერია არის „ასოციაციურობანა ჩესლავ მილოშის თანხლებით ანუ თექვსმეტ გვერდში ჩატეული თექვსმეტი…” კიდევ ერთხელ დიდი მადლობა „ისას დაბლობის“ მთარგმნელს, ქალბატონ ნათელა გავაშელს და გაზეთ „გალაკტიონის“ რედაქტორს, ქალბატონ ლელა ოჩიაურს. „ასოციურობანა“ „გალაკტიონმა“ დაბეჭდა. ღმერთო ჩემო, რა რედაქცია იყო. არაჩვეულებრივი!
პროფესიით ეკონომისტმათემატიკოსი ხართ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინროეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრეთ. როდის მიხვდით ეკონომისტმათემატიკოსობა თქვენი მოწოდება რომ არ იყო? რა მოხდა მერე?
„ეკონომიკური კიბერნეტიკა“ დავამთავრე. ასე რომ სპეციალობიდან არც ისე შორს წავსულვარ. 28 წლიდან ვმართავ. ხან ცუდად, ხან კარგად. „მერიდიანის“ დირექტორობა ჩემი მმართველობითი საქმიანობის საუკეთესო წლები იყო. მგონი არც ახლა ვარ მთლად ურიგო მმართველი.
რატომ ფსევდონიმი ემხვარ კახაძე? რომელიც როგორც წერთ “1993-ში დაიბადა და 2007-ში გარდაიცვალა. ბევრი წერა და თარგმნა“…
– ემხვარ კახაძე ორი მეგობრის სახელიდან ავიღე… კახა უკვე ვახსენე, ემხვარი კიდევ ემზარ ჯგერენაია არის, ჩემი ახლანდელი უშუალო უფროსი, ნათლია და უფროსი მეგობარი. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულების პერიოდში მთხოვა მასთან მემუშავა და სიმართლე გითხრათ, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. არ მიყვარს ზედმეტი თავმდაბლობა და გეტყვით,  არც მე მინანია, არც ემზარს და არა მგონია ეროვნულ ბიბლიოთეკის თანამშრომლებსა და მომხმარებლებს. 1993 წელს პირველი „მონოლოგი“ დავწერე. „რიწაში“ მინდოდა დამებეჭდა. იმ დროს მთავარი რედაქტორი ბატონი გივი ბერაია ბრძანდებოდა. ღმერთმა აცხონოს,  მეგობრის მამა იყო. ჰოდა, გადავწყვიტე ფსევდონიმით შემერჩია. ხელნაწერი მარინა ტურავას გავატანე. „რიწის“ მაშინდელ პასუხისმგებელ მდივანს. და ჩემი მომავალი წიგნის რედაქტორს.  პროფესორსა და ერთ–ერთ საინტერესო მკვლევარს. სხვათა შორის,  ბოდიშის მოხდაც მომიწია მერე ბატონი გივისთვის. დავაზუსტებ, ის  „მონოლოგი“ უკვე დაბეჭდილი იყო.
მერე ლიტერატურული პორტალი „ლიტერატურა.ჯი“ აღმოვაჩინე. ემხვარ კახაძით დავრეგისტრირდი და 2007 წლამდე ვაცოცხლე… ბარემ ამასაც გეტყვი. ორად–ორი ადამიანისთვის დავრჩი დღეს ემხვარად,  კახაზე დაიკარგა. ორივე კარგი მწერალია. წარმატებებს ვუსურვებ.
ლიტერატურით, თარგმნით როდის დაინტერესდით?
ლიტერატურით ბავშვობიდან დავინტერესდი. “ეთერიანს” რომ გვასწავლიდნენ, აი მაშინ. მეოთხე ან მეხუთე კლასში ვიქნებოდი. ძალიან იმოქმედა, არა იმდენად ეთერისა და აბესალომის საფლავებზე ვარდის და მურმანის საფლავზე ეკლის ამოსვლამ, არამედ აბესალომის დადებით გმირად “მონათვლამ”.  მაშინ ვერა, მაგრამ ახლა კი ვფიქრობ რომ. ყველა გმირი ადამიანია,  დადებითი თვისებებიც აქვს და უარყოფითის. ხანდახან მართლა ძნელია დადებით გმირში უარყოფითი ეძებო და პირიქით. მკითხველი ხომ იმისთვისაც არის, გმირი ძირისძირამდე ამოიცნოს?!
თარგმნის პერიოდზე „(არა) მთარგმნელის მონოლოგი“ დავწერე. მგონი ინტერნეტშიც დევს სადღაც.  მართლა ბევრი ვთარგმნე – ხან ცუდად, ხან შედარებით კარგად, თარგმნის უჩვეულო სტილი გამომიმუშავდა. ქართველი იკურტ ვონეგუტი ძალიან ჰგავადა ქართველ ქეთრინ მენსფილდს, მენსფილდი სომერსეტ მოემს, მოემი, რეი ბრედბერსა და ჰექტორ ჰიუ მონროს, ქართველი ჰემინგუეი კი მგონი სულ მთლად მე ვიყავი. ჰო, ჩემი ენით საუბრობდა, თანაც გურულად უქცევდა ხოლმე. კი,  ასე იყო და  და მაინც კურტ ვონეგუტის „ხანგრძლივი გასეირნება მარადისობისაკენ“  აუცილებლად უნდა მეთარგმნა და ზედ მინაწერიც გამეკეთებინა. ასეა,  თავი მათარგმნინა ნაწარმოებმა და არ ვნანობ.
რაღაც ასაკში ყველა ბავშვობას უბრუნდება, ნოსტალგიას განიცდის. თქვენ რომელი ასაკიდან მიუბრუნდით ბავშვობას?
ბავშვობას დროდადრო სულ ვუბრუნდებოდი. ასე 27 წლის ასაკიდან. რატომ ოცდაშვიდიდან და არა ოცდაცხრიდან, არ ვიცი… აი, საფუძვლიანად ჩესლავ მილოშის „ისას დაბლობის“ კითხვისას დავუბრუნდი. განსაკუთრებით მეორეჯერ წაკითხვისას.  ძალიან კი გამიჭირდა დაწერა, მაგრამ მაინც დავწერე:
„გადავდივარ შემდეგ გვერდზე და ვისვენებ. ვისვენებ და თავში ერთი შეხედვით,  უცნაური აზრი მებადება… ბავშვი ბავშვია… გინდა მომავალი ნობელიანტი იყოს და გინდა ჩემსავით ნობელიანტი მწერლის წიგნის საშუალოსტატისტიკური ქართველი მკითხველი.“ ვერაა მთლად კარგი საქციელი ხომ?
შენც ლამაზად დაწერ“–როგორ ფიქრობთ,დედამ იცოდა თავისი პატარა ბიჭის შესაძლებლობები, თუ ამ ფრაზით თქვენი მომავალი მწერლობა უნებლიედ იწინასწარმეტყველაან სულაც იქნებ შთაგონება იყო ეს დედისგან?
დედა უკვე 80 წლის არის. დიდი ჯანითა და კიდევ უფრო დიდი იუმორით. ბევრი რამ მიწინასწარმეტყველა და აუხდა… იყოს „ შენც ლამაზად დაწერ”–  ბოლო, ჯერ არახდენილი წინასწარმეტყველება.  რა აზრი აქვს წინააღმდეგი ვიყო?! აი, შთაგონებაზე ახლა ვერაფერს გეტყვით, დედას უნდა ვკითხო.
თქვენს რომელიმე შვილს თუ გამოჰყვა წერის ნიჭი?
აი, ახლა მე უნდა ვიწინასწარმეტყველო. სამივენი თუ მოინდომებენ, დაწერენ… უფროსი ირინე და შუათანა თამარი კარგი მთარგმნელებიც გახდებიან, ნიჭი აქვთ და როგორც ვატყობ, მონდომებაც. ისე, ვიცი ამ ინტერვიუს წაიკითხავენ და არ მინდა, ჩემი სულ ახლახან ნათქვამი  მამის შთაგონებად მიიღონ.
საოცარი წლებია 13–16… არსად გიშვებს, არც არსად მიდის.. შენია და შენთან ერთად მოდისეგაა, არ ბერდება და არც ცვლილებას განიცდის…” 17 წლის სოფლელი ბიჭისთვის ძნელი იყო თუ არა ქალაქში თავის დამკვიდრება?იყო დიდი ქალაქის შიში?
შიში, დიდი ქალაქი, იმდენად ვრცელი სასაუბრო თემაა. ზოგადად შიშზე კი უნდა გითხრათ რამდენიმე სიტყვა. „გეშინია“ და „თავს არიდებ“ სხვადასხვა რამ არის.“ გეშინია და უნდა დაძლიო“, ეგ კიდევ სხვა ამბავია. 10 წლამდე სასაფლაოზე ღამით კი არა, დღისით გავლის მეშინოდა. მახსოვს,  დედამ თქვა მაიკო (ჩემი უფროსი და გახლავთ) ისეთი უშიშარია, სასაფლაოზე ღამითაც გაივლისო. გულში ჩამრჩა და… გავიარე. არა, არა, სულ მთლად ასე არ იყო. ჯერ გავირბინე… მერე მივხვდი, შიში მიმარბენინებდა. ნაბიჯი შევანელე და ისე გავიარე დარჩენილი გზა. თითქოს არაფერი ვთქვი,  არადა რამდენი ჩავატიე…
დიდი ქალაქის  შიშზე აბა,  რა გითხრათ,  თბილისი ერთადერთი ქალაქი იყო, რომელიც მესიზმრა.  ბავშვობაში რამდენჯერმე ვყოფილვარ. მომწონებია, ალბათ, შემყვარებია და მაინც სტუდენტის თვალით დანახული თბილისი მაინც სულ სხვა იყო… ამდენად არანაირი შიში, გაუცხოება და მისთანანი არ მქონია.  რამდენიმე  თვეში ქალაქის ყველა ქუჩა მოვიარე. ყველა პანთეონი და ეკლესია მოვინახულე.  ბევრ სპექტაკლსა თუ კონცერტს  დავესწარი.
როგორ მოხვდით ბიბლიოთეკაში, რა გზა გაიარეთ, გაკეთებულის შესახებ ბევრი ითქვა, დაიწერა კიდეც. მომავალში რას გვპირდებით, კიდევ რა სიახლეს გვთავაზობს გიორგი კილაძე?
2004 –ში სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ჭიაბერაშვილი სხვა სამსახურში გადავიდა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაკანსია გაჩნდა. გენერალური დირექტორის მოვალეობას ემზარ ჯგერენაია ასრულებდა. მთხოვა და წამოვედი. სწორადაც მოვიქეცი.  ბევრი შევძელით და გავაკეთეთ. ბევრი ჯერჯერობით  ვერ შევძელით და კოლეგებთან ერთად ნაბიჯ–ნაბიჯ ვაკეთებთ. ახლა ორ მთავარ პროექტზე ვმუშაობ, „არასამთავრობო ორგანიზაციათა სავიზიტო გამოცემებსა“ და „ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“.
ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბრძანდებით, როგორია ხელქვეითებთან ურთიერთობისას ბატონი გიო?!
დავიწყებ იმით, რომ ბატონობით არ მომმართავენ. მეორეც იმ მსაჯს ვგავარ, რომლის არსებობა მოედანზე შეუმჩნეველია, თუმცა, როგორც ამბობენ, „თამაშის სადავეებს ხელს არ უშვებს“ . თანამშრომლებს ხელქვეითებად არ განვიხილავ. ვთვლი,  ნებისმიერი მათგანი თავისუფლად შემცვლიდა. საქმის კეთებისას პარტნიორები ვართ. საქმის შემდეგ მეგობრები. მე მჯერა მათი და მათ სჯერათ ჩემი. პატივს ვცემ თითოეულ მათგანს და იგივეს ვგრძნობ მათი მხრიდან. გამიმართლა. მე ვიმედოვნებ- მათაც.10807978_990577417624915_745684900_n
რა არის უნარი, თვისება, რასაც ყველაზე მეტად აფასებთ თანამშრომლებში?
– საქმის სიყვარულს, არ მიყვარს საქმე, როცა მხოლოდ მოვალეობაა. უნდა გიყვარდეს და გჯეროდეს რასაც აკეთებ. მიხარია,  ასეთი თანამშრომლები რომ მყავს.
 რა უფრო ღირებულია და დასაფასებელი პიროვნული თვისებები, თუ გამოცდილება და საქმის ცოდნა ?
– იცით, ძნელია ერთმანეთს დააშოროთ, მაგრამ მაინც პიროვნული თვისებები, გამოცდილებას მუშაობისას შეიძენ, საქმეს დროთა განმავლობაში ისწავლით, მაგრამ პიროვნულ თვისებებს ვერაფერს მოუხერხებთ. და,  თუ ვინმე ახერხებს,  მინდა მივულოცო.
მოქცევიხართ თუ არა ადამიანებს გულგრილად და გინანიათ თუ არა თქვენი საქციელი?
შეგნებულად არ მოვქცევივარ. გულთან მიტანილი სხვის ტკივილი ბევრჯერ ვერ გამიყუჩებია. შეიძლება რაღაც დავაკელი, შეიძლება არ მეტკინა და ვერ ვიგრძენი. მაგრამ,  კიდევ ერთხელ გეტყვით,  შეგნებულად გულგრილად არავის მოვქცევივარ. აი,  ეს შემიძლია 100 პორცენტით განვაცხადო. საქციელი უამრავჯერ მინანია. ტირილითაც გამომიხატავს და ამის არც მაშინ და არც ახლა არ მრცხვენია.
ძალიან საინტერესოდ წერთ მამაზე –”მამამ იცოდა კომუნისტები რასაშენებდნენ“, მამამ იცოდა, ვერ ააშენებდნენხომ არ აქვს გიო კილაძეს მამისგან მემკვიდრეობით გადმოცემული კარგი ინტუიცია და თუ ეს ასეა, როგორ ფიქრობსჩვენ ვაშენებთ? თუ იცისრა შენდებადა რა შეიძლება იწინასწარმეტყველოს.
კომუნიზმი, რომ არ აშენდებოდა და განვითარებულ სოციალიზმში ვერანაირად რომ ვერ ვიქნებოდით, ამას დიდი წინასწარმეტყველება სულაც არ სჭირდებოდა. ამის „არ აღიარებას“ მაგარი მსახიობური ნიჭი სჭირდებოდა და ვართ ქართველები ამ ნიჭის პატრონები. დარწმუნებული ვარ ყოველთვის ვაშენებდით. იმაშიც დარწმუნებული ვარ ზოგიერთი აშენებულის დანგრევას ვაგვიანებთ. რომელიმე მკითხველს აქ ცნობილი ხიდი თუ გაახსენდება, ჩათვალოს რომ შეცდა. დასანგრევი აზროვნებაში გვაქვს ბევრი და რაც უფრო ადრე მივხვდებით, უკეთესია. არასოდეს ვყოფილვართ ქართველები ყველაზე კარგები და ვერც ვერასოდეს გავხდებით ყველაზე ცუდები.  შენებით რა შენდება? – ბევრი. მთავარია რაც შენდება  მახინჯი იდეოლოგიის ადამიანები კი არა, თავისუფალი თაობა აშენებს. თაობა,  რომელიც არასოდეს იტყვის, რომ ორი სამშობლო აქვს. ჯერ საბჭოთა კავშირი და მერე საქართველო.
რაც შეეხება წინასწარმეტყველებას, აქ არაფერი გამომივა. ოცნება კი მაქვს, რა თქმა უნდა: თავისუფალ, ევროპული აზროვნების საქართველოში მინდა ვიცხოვრო. მინდა ვიცხოვრო სადაც ადამიანის არჩევანს, შენთვის რაც არ უნდა ძნელი მისაღები იყოს, პატივს სცემენ. სადაც აღარ იქნება მკვლელობები და აღარ იქნებიან ადამიანები, ვინც მკვლელობას გამართლებას მოუძებნის.
მოგვიყევით ოჯახზე , როგორი მამა ხართ?
– როგორი მამა ვარ? ამ კითხვას ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს და სიმართლე გითხრათ, პასუხი არ მაქვს. მაგარი მამა მამაჩემი იყო, (თუმცა რატომ იყო? 90 წლისაც მაგარი მამაა). ვერ ვჯობივარ მამაჩემს მამობაში. რაც შემეხება მე, ვცდილობ კარგი მამა ვიყო. შვილების მეგობარი. მინდა თავისუფლები გაიზარდონ. ისწავლონ ის,  რაც მათ აინტერესებთ. არ მინდა რამე თავს მოვახვიო. არც პოზიტიური ზეწოლები მიყვარს და არც ნეგატიური. შვილები უნდა გენდობოდნენ. მგონი მენდობიან. უნდა გრძნობდენ, რომ ხვდები უკვე გაიზარდნენ. უნდა იცოდე რომ სხვა თაობა არის და შენ უნდა დაეწიო. შვილებს უნდა სჯეროდეთ, რომ შენი რჩევა ფასეულია და რჩევის მიცემამდე ბევრ გაქვს ნაფიქრი და რაც მთავარია, დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ არასოდეს მოატყუებ. ვახერხებ? ალბათ, ყოველთვის ვერა.
– პირველი ასევე   უკანასკნელი სიყვარული?!
სიყვარული პირდაპირ გეტყვით, „მაინც სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი“… რა მაგარი ნათქვამია, არა? პირველი სიყვარული მერვე კლასში მოვიდა. არა,  მოსვლა არ იყო… შევხედე და მივხვდი რომ რაღაც დიდი მოხდა, მოხდა გულშიც, სულშიც, ტვინშიც, მთელ სხეულში. ეს არ იყო უბრალოდ მოწონება, ნდომა.. .ხომ გითხარით ყველაფერი ერთად იყო… პირველი სიყვარული სკოლის დამთავრებამდე გაფრინდა. მერე მოფრენა–გაფრენის დიდი პერიოდი იყო და ბოლოს 27 წლის ასაკში მოფრინდა და დარჩა…ჰო, ამაზე ხო უკვე ვთქვი და კიდევ რამდენია სალაპარაკო. სხვა დროს დავწერ. რაზე არ ვწერე და ბოლო სიყვარულამდე მაინც ვერ მივედი. კი დავწერ, აუცილებლად დავწერ.. იმსახურებს და იმიტომ (იღიმება).
როგორც თქვენ უწოდებთ –””ებლიტფო” დიდი ისტორიისა და დიდი მომავლის დიდი ლიტერატურული ფორუმია… როდის დაიბადა ებლიტფო?10751854_990577497624907_1516340857_n
ძალიან ძნელია „ებლიტფოზე“ მოკლედ საუბარი .“ებლიტფო“ ჩემი სიამაყეა. ყველა „ებლიტფოელი“ ყოფილი, ახლანდელი, მომავალი, ჩემი მეგობარია. ჩვენ ნაბიჯ–ნაბიჯ, ჩავარდნებით და ამოვარდნებით, ამოფრქვევებით, ერთად შევქმენით დიდი ლიტერატურული უკომფლიქტო სივრცე. განვახორციელეთ ბევრი ლიტერატურული, ზოგჯერ არალიტერატურული პროექტი. “ებლიტფო” მართლაც, რომ დიდი ისტორიისა და დიდი მომავლის დიდი ლიტერატურული ფორუმია… 2007 წელს შეიქმნა და დღესაც იქმნება… რაც სრულყოფილი არ არის, შექმნის პროცესშია. სრულყოფილებისა რა მოგახსენოთ. მთავარია სურვილი არის და  სადაც სურვილია, იქ ადამიანები, როგორც წესი, ბევრს აღწევენ.
ლიტერატურულ  საიტებზე  რა შეგიძლიათ გვითხრათ,  როგორ ფიქრობთ, რა დადებითი და უარყოფითი თვისება აქვს ვირტუალურ ლიტერატურას?
– ლიტერატურულმა საიტებმა უდიდესი საქმე გააკეთეს.. ბევრი ავტორი თუ თუ მთარგმნელი დახვეწეს და მკითხველს გააცნეს. შედგა უპრეცედენტო თანამშრომლობა ავტორსა და მკითხველს შორის.
უარყოფითი? მჯერა წიგნს მართლაც აქვს სუნი და არის რაღაც დიდი წიგნის გადაფურცვლაში. გულთან მიტანაში და ნაწერზე თითის გაყოლებაში. ეს ნახევრად ხუმრობით. სიმართლე კი,  ასეთია. იკითხე სადაც გინდა, იკითხე რა ფორმატშიც გინდა, ოღონ იკითხე და იკითხე ის, რაც მართლა წასაკითხია.
ახალგაზრდა მკითხველებთან ჩატარებულ კონკურსებზე მინდა გკითხოთ , თქვენი აზრით, უფრო მეტად წიგნიერია,  თუ არა ხლანდელი ახალგაზრდა თაობა ?
დიახ. რამდენიმე კონკურსი ჩავატარე. მგონი, კარგი გამოვიდა. გამიხარდება ჩემი აზრი კონკურსანტების აზრს თუ ემთხვევა. ახალგაზრა თაობა, რა თქმა უნდა, წიგნიერია. ამაში დარწმუნებული ვარ. არ მინდა,  მათ ვგავდე, ვისაც მხოლოდ თავისი ახალგაზრდობის წლები და თაობა მოსწონთ. რა მოხდა,  თუ მათი გემოვნება ხშირად ჩემსას არ ემთხვევა? – არაფერი. ამ თაობას  ინფორმაცია აქვთ. ანალიზის მეტი უნარი გააჩნიათ. უფრო პრაგმატულებიც არიან და ფასეულობებიც განსხვავებული აქვთ. ღმერთმა დაიფაროს ზოგიერთი ის წიგნი წაიკითხონ,  მე რომ წავიკითხე.  მხოლოდ ერთი რჩევა მექნება, ზოგიერთ წიგნს ახლოსაც არ გაეკარონ. თუ დამიჯერებენ ხო კარგი, თუ არადა, იმ ასაკში არ არიან „გაფუჭებული საქმის“ გამოსწორება რომ ვერ შეძლონ.
– შეცვლიდით რამეს?
ბევრს. უფრო ადრე დავოჯახდებოდი. არ არის აუცილებელი 5 წელი მუდმივად გიყვარდეს და მერე გადაწყვიტო… მეუღლე ზუსტად ისე მიყვარს, როგორც ვთქვათ, გაცნობიდან ერთი ან ორი თვის შემდეგ, გვქონდა პრობლემებიც და ვთვლი, რომ მისი დამსახურებაა, მარტივად არა, მაგრამ, რომ გადაწყდა. ვისწავლიდი უცხო ენებს. წავიკითხავდი და არ წავიკითხავდი  რამდენიმე წიგნს და ეს რამდენიმე სულაც არ არის ორი, სამი ან თუნდაც ასი. ახლა დავფიქრდი და უნდა ვაღიარო, არც თუ  ისე ბევრი შესაცველი მქონია. მიმაჩნია,  ვიცხოვრე ისე,  როგორც შევძელი. შეცდომებით, არშეცდომებით, სწორი და რაც მთავარია,  დროულად გადადგმული ნაბიჯებით.
– შემოქმედებითი ოცნება
 მხოლოდ ერთს გეტყვით. არ ვიცი, რამდენად შემოქმედებითია, მაგრამ ძალიან მინდა,  განვახორციელო. ხო გახსოვთ,  გალაკტიონის ლექსი „ი.ა“ – „ქუჩაში მტვერში, წაიქცა ბავშვი…“. დიდებული ლექსია, ერთი სული მაქვს,  ბოლომდე წაგიკითხოთ. ცუდი დეკლამატორი ვარ, ამიტომ,  მხოლოდ დასასრულს წაგიკითხავთ „და გაისმოდა დების სიმღერა“. ჰოდა, მინდა მართლაც გაისმოდეს დების სიმღერა ეროვნულ ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, მთლად უკეთესი,  თუ გალაკტიონის მშობლიურ სოფელში… ჰო,  რა თქმა უნდა,  17 ნოემბერს. წელს ვეღარ მოესწრება… იყოს გაისად,  ან თუნდაც ოდესმე.
საკუთარ თავისთვის ხშირად დასმული კითხვა
– ამ ბოლო დროს,  ერთი კითხვა “ამეკვიატა”. ხომ გითხარით,  ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკვე ათი წელი ვმუშაობ. კითხვა კი ასე “ჟღერს”, მენდეთ, მართლა „ჟღერს, “დრო ხომ არ არის წავიდე?” პასუხიც მაქვს. ვერ წავალ. რაღაც–რაღაცეები, თანაც ძალზე მნიშვნელოვანები უნდა დავასრულ–აღვადგინო. მისურვებთ წარმატებებს?( იღიმება).
 წარმატებებს გისურვებთ!
– გმადლობთ!

 ირმა მირზაშვილი


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები