„დაინგრა!“, „დაინგრა!“ – დაინგრა ის ძველი საბჭოური სისტემა და ჩვენ ახალი რეალობის შექმნა გვინდა…“
არჩევანი არ ყოფილა, ყველაფერი თავისთავად მოხდა. ხატვა საბავშვო ბაღში დაიწყო. შემდეგ ტყიბულის სამხატვრო სკოლაში სწავლობდა. არც პროფესიის არჩევის დროს უფიქრია. დედა ფიქრობდა და მასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, თბილისში ჩამოსულიყო და იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ჩაებარებინა. „ამ სკოლამ ბევრი მომცა და ცოდნაც მივიღე, მაგრამ მაინც უკმაყოფილების გრძნობა მქონდა. ვთვლიდი, რომ თუ ამ პროფესიით უნდა მეცხოვრა, ეს საკმარისი არ იყო და 1993 წელს სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე“, – ამბობს ლუიზა ლაფერაძე.
2003 – 1014 წლებში სამხატვრო აკადემიაში მუშაობდა ფერწერის ლექტორად. ახლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია.
– აკადემიაში მოხვედრა არც ისე ადვილი იყო?
– რა თქმა უნდა, აკადემიაში ჩაბარების დროს პრობლემები შემექმნა. ყველა საგანში უმაღლესი ქულა მქონდა, მხოლოდ ქართულ წერაში დამიწერეს დაბალი ქულა, ერთი სიტყვის გამო. იმერული, კუთხური სიტყვა გამოვიყენე. დავიწყე ბრძოლა. ჯერ ქართულის ლექტორს შევხდი, ვინც კომისიაში იყო. მან კი მითხრა: დიდი სიამოვნებით დაგიწერდით მაღალ ქულას, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ეს ადამიანი გულწრფელი იყო და დღემდე ძალიან დიდ პატივს ვცემ.
შევხვდი კულტურის მინისტრსაც, რომელმაც ასევე მითხრა, რომ ვერაფრით დამეხმარებოდა, რადგან აკადემია დამოუკიდებელო ორგანო იყო და თვითონ წყვეტდა ყველაფერს. შემდეგ აკადემიის რექტორსაც შევხვდი და მოხდა აკადემიისთვის უჩვეულო და უპრეცედენტო შემთხვევა. განიხილეს ჩემი ნაწერი, მომიმატეს ქულა და გავხვდი სამხატვრო აკადემიის სტუდენტი.
მოგვიანებით ისიც გავარკვიე, რომ სამხატვრო აკადემიაში მოხვედრა წინასწარ შედგენილი სიებით ხდებოდა.
– ეს იყო პირველი გამარჯვება?
– ერთი შეხედვით შეიძლება ასე იყო, მაგრამ შემდეგ ახალი პრობლემები გამოჩნდა. არ მაკმაყოფილებდა აკადემიაში არსებული სიტუაცია. რაც იქ დამხვდა, იმას სასწავლო პროცესს ვერ დაარქმევდი. გახსოვთ, ალბათ, ქვეყნის მაშინდელისოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა – გაუთავებელი მიტინგები, გადადგომები, მოთხოვნები… აკადემიაში სალექციო კურსიც დიდად არ გამოირჩეოდა. პროფესორები უკვე ძალიან მოხუცები იყვნენ. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს დაწინაურდნენ. მოგეხსენებათ, მაშინ მხატვრობა იდეოლოგიას ემსახურებოდა და რასაც ისინი საუბრობდნენ ლექციებზე უკვე არანაირ ინტერესს არ იწვევდა სტუდენტებში. ვერ ვჩერდებოდი ვერცერთ სახელოსნოში, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ლექტორის ლექციაზე მივდიოდი, ვისმენდი მათ ლექციებს და სხვა სტუდენტებისათვის განკუთვნილ მოცემულობებსაც ვასრულებდი.
აკადეიის დასრულების შემდეგ არანაირი პერსპექვივა არ არსებობდა, რომ დასაქმებულიყავი, ან შენი ხელოვნებით გეარსება, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო, რომ აკადემიაში განვაგრძე სწავლა. გავიარე ასისტენტ-სტაჟირების სრული კურსი, რაც უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიური მოღვაწეობის უფლებას მანიჭებდა. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მივმართე რექტორს, ვუთხარი, რომ მას ჩემ გამო არავინ შეაწუხებდა (ზოგადად, მიღებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ დიდი შრომა გავწიე ამ ორი წლის განმავლობაში, სამსახურის დაწყება არა პროფესიონალიზმის, არამედ ნაცნობ – მეგობრობის საუძველზე ხდებოდა. სამწუხაროდ, ეს ფორმა არც ახლაა შეცვლილი) . სწორედ ეს გულწრფელი საუბარი გახდა იმის საფუძველი, რომ არქიტექტურის ფაკულტეტის ხატვა- ფერწერის მიმართულებაზე საათებიც მომცეს.
– შეიძლება ითქვას, ყველაზე საინტერესო ეტაპი დაიწყო შენს ცხოვრებაში – უკვე აკადემიის ლექტორი ხართ…
– კი, მაგრამ ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. ჩემი სტატუსი აკადემიაში შეიცვალა, მაგრამ პრობლემებისადმი ჩემი დამოკიდებულება – არა. სტუდენტები ლექციებზე არ დადიოდნენ, რეალური სასწავლო პროცესი არ არსებობდა. სამხატვრო აკადემია, როგორც სახელოვნებო საგანმანათლებლო ინსტიტუცია, თავის ფუნქციას არ ასრულებდა. პირველად რომ შევედი ლექციაზე, ხუთი სტუდენტი იყო და საუბრობდნენ. ამით შემოიფარგლებოდა ლექციები. დავიწყე მუშაობა. დაახლოებით თვენახევარში ჩემს ლექციაზე 30 სტუდენტი იჯდა და საინტერესო სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა. მახსოვს, ერთხელ ტარიელ ქუთათელაძე შემოვიდა ჩემს ლექციაზე და გაკვირვებულმა იხუმრა: რატომ დადიხართ, ბავშვებო, ლექციაზე?
სულ მალე, პირველად დავესწარი საბჭოს სხდომას, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თითო გაცდენილ ლექციაზე სტუდენტებს უნდა გადაეხადათ რაღაც გარკვეული თანხა. ჩემ გარდა, ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი ამ იდეას. ავდექი და ვთქვი, თუ სტუდენტი ლექციას გააცდენს, მაშინ პედაგოგებს დაუქვითეთ თანხა ხელფასიდან. ეს იყო პირველი განაჩენი, რომელიც საკუთარ თავს გამოვუტანე. ჯერ კიდევ მაშინ, დაიწყეს საუბარი, რომ აკადემიაში დისონანსი შემაქვს და მისი დანგრევა მინდა.
– რატომ მოსწონდათ სტუდენტებს შენი ლექციები?
– ლექციების კურსი დიალოგის ფორმატში მიმდინარეობდა, მიწევდა ბევრი მუშაობა იმაზე, თუ როგორ მომხდარიყო სტუდენტების მხრიდან მაქსიმალური ჩართულობა, რაც მათთვის საინტერესოს ხდიდა სასწავლო პროცესს. ეს იყო ცოცხალი შემოქმედებითი პროცესი, სადაც ახალი კითხვები იბადებოდა, რომლებიც მეტ ინფორმაციას და მსჯელობას მოითხოვდა, ეს კი თავისთავად დიდ იმპულს აძლევდა მათ სახელოსნოში მუშაობისთვის.
ჩემთვის აკადემიაში მუშაობა შემოქმედებითი პროცესია. სახელოვნებო სასწავლებელში ყოფნა არ ნიშნავს სტუდენტისთვის რაღაც ცოდნის გადაცემას, ეს არის მუდმივი ცვალებადობის პროცესი, რომელიც აზროვნების განვითარებისაკენ არის მიმართული. შემოქმედებითი მუშაობის პროცესში ახალი ცოდნა იბადება. ამ შემთხვევაში ხდება არა მხოლოდ სტუდენტის, არამედ ლექტორის განვითარებაც. სწორედ ასეთი მიდგომით ირღვევა ის იერარქია სტუდენტებსა და პროფესორებს შორის, რომელიც აკადემიაში არსებობს და, ჩემი აზრით, შემაფერხებელია განვითარებისთვის.
– 11 წელია აკადემიაში ხარ და ბევრი რამ მოხდა…
– ყველაზე მთავარი ის არის, რომ არცერთ პრობლემას, რომელიც სასწავლო პროცესში გამოჩნდა, მე გვერდი არ ავუარე. მაქსიმალურად ვეცადე, ყველა პრობლემის ირგვლივ კითხვები დამესვა და დიალოგი შემდგარიყო აკადემიის ადმინისტრაციასთან. სამწუხაროდ, სიტყვა დიალოგის შინაარსი დღემდე არ ესმით აკადემიაში და, ალბათ, გასაკვირიც არ არის, რომ მუდმივად გაუგებრობებში ვართ.
– ძირითადად, რა სახის პრობლემები არსებობს აკადემიაში?
– ეს არის მოძველებული პროგრამები, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა. ანალიზი, საკითხის გაშლა და მსჯელობა არ ხდება. რისთვის ვაკეთებთ, რა ცოდნას ვიღებთ, რას მოგვცემს ეს ყველაფერი მომავალში, რომ თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში ჩვენი სათქმელი ვთქვათ და ადაპტაცია მოვახდინოთ. ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. სამწუხაროდ, სტუდენტების უმრავლესობა ბრმად იღებს აკადემიის შემოთავაზებებს. სწორედ, ეს არის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საკითხი ჩემთვის, რომელიც ჩემში იწვევს პროტესტს. მე ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი ჩემს აზრს და ყოველ წელს პერმანენტული აქციები მიმდინარეობდა აკადემიაში. მაქსიმალურად ვცდილობდი, გამერღვია ის ჩაკეტილი სივრცე, რაც დღემდე არსებობს აკადემიაში.
ერთხელ სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანმა მითხრა, – იცი რა ლუიზა, შენ სახელოსნოში იმუშავე, აკადემიაში მოდი და ნიშნები დაწერე… მე, როგორც ხელოვანს, შემოქმედებითი სივრცე არ უნდა განმისაზღვრონ. მე ვერ ვიქნები, მასწავლებელი აკადემიაში და მის გარეთ ხელოვანი. მე ხელოვანი ვარ ნებისმიერ სივრცეში, რაც გულისხმოს გახსნილობას ნებისმიერი საკითხისადმი და საკუთარი აზრის დაფიქსირებას.
აკადემია ჩემთვის არის ჩვენი ქვეყნის მოდელი. აკადემიაში არსებული პრობლემები სინამდვილეში არის, ზოგადად, ის პრობლემები, რაც საზოგადოებაში არსებობს. თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ თავისუფლებას განათლებაში, ძალადობა, რომელზეც დღეს საუბარია საზოგადოებაში, არ შეწყდება. მხატვრის შემოქმედება კი არის სწორედ ის, რომ დაინახო პრობლემები, დასვა კითხვები და საკითხი გახადო საჯარო. ყველა ის აქტივობა, რომელიც აკადემიაში მქონდა – პერფომანსები, აქციები, გამოფენები, რომლებშიც სტუდენტების ჩართულობა ხდებოდა, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი დიდი ნამუშევარი, რომელიც ჯერჯერობით კიდევ არ დასრულებულა…
– მიუხედავად ყველაფრისა, ალბათ, მაინც იყვნენ პედაგოგები, ვინც შენს ცხოვრებაზე ან შემოქმედებაზე გარკვეული გავლენა მოახდინეს…
– იცი, როგორი კითხვაა? ძალიან რომ მინდა პასუხი გავცე და არაერთი ადამიანი ჩამოვთვალო. სამწუხაროდ, არ შემიძლია მათი დასახელება. შემიძლია, მხოლოდ ლევან ჭოღოშვილი გავიხსენო, რომელიც აკადემიაში ძალიან მცირე დროით მოიწვიეს. მე მაშინ მეხუთე კურსზე ვიყავი.
ლექციების შემდეგ ვრჩებოდით და ლევანი XX საუკუნის მხატვრობის სხვადასხვა მიმდინარეობებზე გვესაუბრებოდა.
– გამოფენები როგორც საქართველოში ,ისე მის ფარგლებს გარეთ გქონდა და ყოველთვის ინტერაქტიულია. რომელს გაიხსენებდი?
– ფერწერაში მუშაობის დროს უფრო ფერზე ვფიქრობდი და ფერების კვლევა დავიწყე. 2011 წელს ლაიფციგში, საერთაშორისო სახელოვნებო რეზიდენციაში წარმოვადგინე პროექტი – „პირადი დღიური“, რომელიც ფერებით იყო „დაწერილი“ და თითოეული ფერი ყოველდღიურ ჩემს განცდას და გრძნობას გამოხატავდა, მდგომარეობას, რომელიც ვერბალურად შეუძლებელია გამოხატო, სიტყვა უძლური ხდება და მათი გადმოცემა მხოლოდ ფერებით არის შესაძლებელი. ეს პროექტი საკმაოდ ინტერაქტიური აღმოჩნდა. ადამიანები მოცემულ ცხრილში პოულობდნენ რომელი ფერი რომელ გრძნობას ასახავდა და დიდი ინტერესით და სიამოვნებით კითხულობდნენ ჩემს დღიურს. ამ დღეებში მივიღე წერილი, რომ მომავალ წელს უნდათ, კიდევ ერთხელ გამოფინონ ეს ნამუშევარი.
2008 წლის ბეიჯინგის გამოფენას გავიხსენებდი. მსოფლიო ჩემპიონატი იყო და კულტურის პროგრამაში, საქართველო პირველად მონაწილეობდა. ჩემი ვიდეონამუშევარი „პეპელა“ ჰოლანდიაში ერთწუთიანი ვიდეოარტების ფონდშია დაცული. სწორედ ამ ფონდმა, სადაც მსოფლიო ხელოვანების ნამუშევრებია დაცული, მოაწყო ეს გამოფენა და დამპატიჟეს. აკადემიაში წერილი მოვიდა, თანხა გამოეყოთ, რომ წავსულიყავი, მაგრამ არანაირი ინტერესი არ გამოხატა ადმინისტრაციამ. გია ბუღაძემ ასეთი რეზოლუცია დაადო წერილს: „რატომ უნდა დავაფინანსო მე მისი პირადი წარმატება“.
სულ მიკვირს, როდესაც მსოფლიო დონის ღონისძიებაზე ქვეყნის სახელით მიდიხარ, რატომ იყო ჩემი პირადი წარმატება. მაგრამ მოხდა უცნაური რამ. მეგობრებმა შემიგროვეს თანხა და გამიშვეს, მათაც კი ძალიან დიდი სიამაყის განცდა გაუჩნდათ. ასეთი ფაქტები იმედს მაძლევს, რომ თავს დავაღწევთ ჩვენს ასეთ მდგომარეობას, რაც ზოგადად გვაქვს. ჩამოსვლის შემდეგ, სურვილი მქონდა პრეზენტაცია აკადემიაში გამემართა, მაგრამ არც ამის საშუალება მომცეს.
წელს სამხატვრო აკადემიაში განვახორციელე სამი აქცია-პერფორმანსი. ვთვლი, რომ სწორედ, ეს ფორმა უნდა მიმეცა ჩემი იდეებისთვის და იმ სათქმელისთვის, რაც პროტესტს გულისხმობდა აკადემიაში არსებული რეალობისადმი. მასში სტუდენტებიც მონაწილეობდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
პირველი აქცია – პერფორმანსის სლოგანი იყო: „ყველა ადამიანი მხატვარია, ვეძებ ადამიანს“. დიოგენე სინოპელი დადიოდა დღისით ქალაქში სანთლით და ამბობდა – „ვეძებ ადამიანს“. იოზეფ ბოისი კი დარწმუნებული იყო, რომ „ყველა ადამიანი მხატვარია“. იყო ადამიანი ნიშნავს, პასუხს აგებდე საკუთარ ქმედებებზე. გრძნობდე პასუხისმგებლობას საკუთარი ვალდებულებებისადმი, თუ საკუთარ თავში არ იპოვე ადამიანი, მაშინ ხელოვნებაზე საუბარი შეუძლებელია. აკადემიაში მიმდინარე პროცესი უნდა ქმნიდეს საკუთარ თავში ადამიანის აღმოჩენის შესაძლებლობას. ანთებული ფარნებით გავიარეთ აკადემიაში ის გზა, რომელსაც ყოველ დღე გავდიოდით.
მეორე აქცია – პერფომანსი: „აკადემია დაინგრა! დაუჯერებელი ამბავი მოხდა.“ ელდარ შენგელაიას კომედიური ჟანრის ფილმის „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ ფინალის ერთგვარ რეკონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ერთ-ერთი ორგანიზაციის შენობა ინგრევა, რაც გადატანით მნიშვნელობით საბჭოთა სისტემის ნგრევას გულისხმობს. გია ყანჩელის მუსიკა, რომელიც ამ ფილმშია და „უძრაობის ხანის“ ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ისმოდა აკადემიაში. ამ პროცესში ელექტროენერგია გათიშეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა იმ მოტივით, რომ ხელი ეშლებოდათ მუშაობაში, თუმცა მოგვიანებით, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე მოგვეცა შესაძლებლობა, აქცია გაგვეგრძელებინა. მუსიკა დასრულდა და აქციაში მონაწილეებმა შეძახილებით: „დაინგრა!“ „დაინგრა !“ აკადემიის შენობა დავტოვეთ. ამ აქციით გამოვხატეთ პროტესტი იმ საბჭოური აზროვნების წინააღმდეგ, რაც აკადემიაში ინერციით ჯერ კიდევ გრძელდება.
მესამე აქცია-პერფომანსი: „განაჩენი“ განვახორციელეთ აკადემიის ძველი შენობის წინ. სამხატვრო აკადემიის სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების გაპროტესტების და მოგვარების მოთხოვნის გამო, სამხატვრო აკადემიის ადმინისტრაციამ აჯანყებულებს „განაჩენი გამოგვიტანა“. ყველას შავი ტომრები გვქონდა ჩამოცმული თავზე და ველოდებოდით „სასჯელის აღსრულებას“. ეს იყო ჩვენება იმის, რომ არც ერთი ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა აკადემიის ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა და თავს არიდებდნენ ნაბიჯის გადადგმას ცვლილებებისკენ.
საჯაროდ პროტესტის დაფიქსირება ჩემი მხრიდან გახდა მიზეზი იმისა, რომ აკადემიის საკონკურსო კომისიამ აკადემიაში აღარ მიმიღო. ამის არგუმენტად ოფიციალურ დოკუმენტში, კომისიის სხდომის ოქმში ეწერა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მიერ წარდგენილი მასალა და დოკუმენტები სრულიად შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, არაკოლეგიალობის გამო არ მიმიღეს.
– ნუთუ, არცერთმა ლექტორმა არ დაგიჭირა მხარი?
– პირად საუბრებში მეუბნებოდნენ, რომ ჩემს გვერდით იყვნენ, მაგრამ ბოლო დროს ამასაც ვერ ახერხებენ. ძალიან დიდი შიში აქვთ. ფაქტობრივად, ჩემი გამოშვება მათთვის მაგალითიც იყო, თუ ხმას ამოიღებენ, სამსახურს დაკარგავენ. დღევანდელმა რეალობამ, სოციალურ-პოლიტიკურმა მდგომარეობამ ადამიანებს პასუხისმგებლობის გრძნობა დააკარგვინა.
– სტუდენტები გიჭერენ მხარს, აკადემიას მათი აზრი არ აინტერსებს?
– აკადემია სახელოვნებო საგანმანათლებლო ინსტიტუციაა და რეალურად მისი ფუნქცია არის, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობას აზროვნების განვითარებასა და განათლებაში. მაგრამ დღეს აკადემია აკადემიური საბჭოს და ადმინისტრაციის სახით კონკრეტულ ადამიანებს ეკუთვნით. სტუდენტი და ლექტორი მეორეხარისხოვანია. ერთი სტუდენტიც რომ უკმაყოფილო იყოს, ადმინისტრაცია და პროფესორები ვალდებულნი არიან, მოუსმინონ და დაუკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რომელიც მიმართული იქნება სტუდენტისთვის უკეთესი მდგომარეობის შესაქმნელად სასწავლო პროცესში. გასათვალისწინებელი და აღსანიშნავია ის, რომ საკმაოდ დიდ თანხას იხდიან სტუდენტები ყოველწლიურად. ევროპაშიც კი, განვითარებულ ქვეყნებში, ამხელა თანხებს არ იხდიან უმაღლეს სასწავლებლებში. პროფესორთა კონკურსის შემდეგ შედგა აკადემიის რექტორის არჩევნები. არჩევნები არადემოკრატიულად და წესების დარღვევით ჩატარდა, რადგან აკადემიის დებულება მორგებულია კონკრეტული ადამიანების ჯგუფზე და არანაირ შესაძლებლობას არ იძლევა ამ ჩაკეტილი წრის გარღვევისათვის. ახალი რექტორისგან მოვითხოვე საჯაროდ შეხვედრა და იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც დაგროვდა აკადემიაში წლების მანძილზე. თუმცა საჯარო შეხვედრაზე მან უარი განაცხადა საჯაროდ და მხოლოდ მასთან კაბინეტში დახურულ კარს მიღმა ჟურნალისტების თანდასწრებით შეხვედრაზე დაგვთანხმდა, რაზეც, რა თქმა უნდა უარი, განვაცხადეთ.
– არ გიფიქრია ქვეყნიდან წასვლა?
– წასვლის შესაძლებლობა არაერთხელ მქონდა, ლაიფციგშიც შემომთავაზეს დარჩენა – ორწლიანი პროექტი იყო. მაგრამ ვფიქრობ, როდესაც იცი, რა უნდა აკეთო, არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ. მით უმეტეს, ამ რეალობაში, რაც ჩვენ ქვეყანაშია. მგონია, ჩემი აქ ყოფნით მეტს გავაკეთებ. ჩემი აზრით, სადაც ყველაზე საჭირო ვართ, იქ უნდა ვიყოთ.
– შენს სახელოსნოში რა დროს ატარებ?
– სიმართლე გითხრა, ჩემს „სახელოსნოდ“ გადაიქცა აკადემიის სივრცე, მთელი ქალაქი. კონკრეტულ ოთახში შესვლა და ჩაკეტვა პრობლემებისგან და პასუხისმგებლობისგან არ მათავისუფლებს. იმ კედლებს, რომლებსაც შეჩვეულები ვართ და სახელსონოს ვეძახით, არ მცვლიან.
– გამოსავალი?
– ზოგადად, საგანმანათლებლო სისტემაში სერიოზული პრობლემები გვაქვს და ფუნდამენტალურ ცვლილებებს ითხოვს. აუცილებელია, გაერთიანდნენ სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტები და ლექტორები და დაიცვან საკუთარი უფლებები, უფლება გასცენ და მიიღონ ცოდნა, უფლება განვითარდნენ ამ ურთიერთობაში და განათლების საკითხი პრიორიტეტულად იქცეს მთელი საზოგადოებისათვის.
ზოგადად, ხელოვნება განყენებულია სხვადასხვა მოვლენისგან, ხელოვანი „გიჟია“ და თითქოს არ მოეთხოვება მას პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე. ხალხს აქვს წარმოდგენა, რომ საგამოფენო დარბაზის კედლებზე უნდა ეკიდოს რაღაც მშვენიერი და ლამაზი ფერწერული ტილო. არადა, ხელოვნება ყოველთვის ყველაზე აქტიურია, ყველაზე რადიკალურია, ყველაზე ხმამაღლა უნდა ლაპარაკობდეს იმ პრობლემებზე, რომლებიც საზოგადოებაშია. მით უმეტეს, დღევანდელ დღეს. ჩვენ დღეს ისეთ რეალობაში ვართ, რომ თითოეულ მოქალაქეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია. ჩვენ ან უნდა შევდგეთ როგორც საზოგადოება, ან აღარაფერზე პრეტენზია არ უნდა გვქონდეს. ჩემთვის გაუგებარია მხატვრების, ხელოვანების ის დამოკიდებულება თუნდაც სამხატვრო აკადემიაში სტუდენტთა პროტესტისადმი, და აკადემიაში არსებული უმძიმესი მდგომარეობისადმი, რომელიც ხელის ჩაქნევაში გამოიხატება. რაც ყველაზე ხშირად მესმის, ეს არის: – „მაინც არაფერი შეიცვლება“.
– როგორც ვიცი, ახალ პროექტზე მუშაობ…
– დიახ, მინდა მოხდეს იმ ფასეულობების გადაფასება, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. მინდა გამოვიკვლიო მთელი ჩემი ბავშვობა. მე იმ თაობას მივეკუთვნები, რომელმაც გამოიარა დიდი ცვლილებები. სწორედ ეს მაინტერესებს, რამდენად დიდია ეს „დიდი“ ცვლილებები რეალურად და შეიცვალა თუ არა რამე. მინდა გამოვიკვლიო ის რეალობები, რომელშიც მე მომიწია ცხოვრება. ეს იქნება სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევრები. იქნება ობიექტი, ვიდეო, ინსტალაცია, ფერწერა, გრაფიკა, ბეჭდვითი მედია. იმედი მაქვს, მექნება ამ ნამუშევრების შექმნის შესაძლებლობა. მხატვარმა იფიქრო, ასეთ რამეზე ჩვენს ქვეყანაში ცოტა რთულია. კულტურის პოლიტიკა, რომელიც რეალურად არ გაგვაჩნია, მაქსიმალურად აფერხებს არა მხოლოდ თითოეული მხატვრის, ზოგადად, ხელოვნების განვითარებას.
მზევინარ ხუციშვილი