პაციენტი ხელოვნური განაყოფიერების წინააღმდეგ
რესპონდენტი, რომელმაც უშვილობის გამო, ხელოვნური განაყოფიერების კურსი ჩაიტარა და არ დაორსულდა, კლინიკა „ინ ვიტროს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს და დირექტორს უჩივის. მანანა დ-მ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, მეან-გინეკოლოგის და რეპროდუქტოლოგის გია ცაგარეიშვილის წინააღმდეგ ჯანდაცვის სამინისტროს საჩივრის წერილით უკვე მიმართა.
„10 წელია ოჯახი მაქვს, მაგრამ შვილი არ მყავს. შვილის გაჩენის სურვილის გამო კლინიკა „ინ ვიტროს“ მივმართე. 7 თვე ვმკურნალობდი, მაგრამ შედეგი მაინც არ მქონდა. შვილი ისე მინდოდა, ვალი ავიღე და მკურნალობა ისე დავიწყე. საკუთარი სახლი გავაქირავე და სხვაგან გადავედი საცხოვრებლად. მკურნალობა და მედიკამენტები 15 ათასი ლარი დამიჯდა. ფული ფულად დაიხარჯა, თან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე შეირყა, რომ დღეს ყველაფერი მაწუხებს. სრულიად ჯანმრთელი ვიყავი და დღეს კი თირკმელები და ხერხემალი მტკივა. ნაწოლები გამიჩნდა. ფსიქიკა შემერყა, ნერვული სისტემა მთლიანად მომეშალა. რაც უფრო ბევრს ვფიქრობ, უფრო და უფრო ცუდად ვხდები. მცირე მენჯის ღრუში სიმსივნე აღმომაჩნდა. ახლაც ვმკურნალობ. რას მიკეთებდნენ, არ ვიცი, მთელი სხეული მტკივა“, – ამბობს კლინიკის ყოფილი პაციენტი, რომლის თხოვნის შედეგად მისი გვარ-სახელი შეცვლილია.
აღსანიშნავია, რომ 49 წლის ქალბატონმა ხელოვნური განაყოფიერების მოთხოვნით კლინიკა „ინ ვიტროს“ შარშან მიმართა. მანანა დ. სარჩელს სასამართლოსთვისაც ამზადებს და მკურნალობის თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.
„თუ სამართალი არსებობს, სამართალმა უნდა გაიმარჯვოს და ჩემი თანხა უკან უნდა დავიბრუნო. ისინი დამნაშავეები არიან და ჩემნაირი დაზარალებული იქ უამრავი ადამიანი იყო. თაღლითები არიან. შეიძლება ვინმე კმაყოფილიც არის, მაგრამ უამრავი ადამიანია უკმაყოფილო. ჯერ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას ველოდები“, – აცხადებს მანანა დ.
კლინიკის ყოფილი პაციენტი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს იზიარებს და ყველას მოუწოდებს, რომ ხელოვნური განაყოფიერების ხერხს არ მიმართონ.
„მე რომ პატრიარქისთვის ადრე მომესმინა, ამას არ გავაკეთებდი, მართლაც, არაეკლესიურია ეს ყველაფერი. მართალი იყო პატრიარქი, როცა საშობაო ეპისტოლეს კითხულობდა. ყველაფერი სიმართლე თქვა. ბუნებრივად უნდა ხდებოდეს ყველაფერი“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას მანანა დ.
ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა „ინ ვიტროს“ დამფუძნებელმა გია ცაგარეიშვილმა ჯანდაცვის სამინისტროდან წერილობითი შეტყობინება უკვე მიიღო. როგორც ცაგარეიშვილმა „კვირას“ განუცხადა, იგი მზად არის ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის ჯგუფის წევრებთან ითანამშრომლოს და მათ შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინოს. თუმცა, ცაგარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ კლინიკის იმიჯის შელახვის გამო, პაციენტს თავადაც უჩივლოს და მორალური ზარალის ანაზღაურებისთვის თანხაც მოითხოვოს. მისი თქმით, როდესაც პაციენტი მათ კლინიკაში სამკურნალოდ მიდის, ორმხრივი ხელშეკრულება ფორმდება, სადაც პაციენტი თანხმობის ნიშნად ხელს აწერს.
„პაციენტს ხელშეკრულებაზე ხელი აქვს მოწერილი, იურიდიულად, სამართლებრივად ყველაფერი გაფორმებულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვუმკურნალეთ და მოვუწესრიგეთ ყველაფერი, ორსულობა არ მოხდა. განცხადებაში ისეთ სისულელეებს წერს, შეიძლება პირიქით – ჩვენ შევედავოთ. აბსოლუტური ცილისწამებაა. აბსურდია ეს ყველაფერი. მით უმეტეს, ექიმი შეცდომაში შეიყვანა და გულახდილად არ ესაუბრა. რაღაც ოპერაციები ჰქონია გაკეთებული, რაც დამალა. ექიმის მოტყუებისთვის, ინფორმაციის დამალვისთვის და შეცდომაში შეყვანისთვის ჩვენც ვუჩივლებთ. სამინისტროს წარმომადგენლებს ველოდებით. ჩვენ ალბათ საპირისპირო სარჩელს სასამართლოში შევიტანთ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მას ექსპერტიზა ჩაუტარდეს. თუ მას ის ყველაფერი არ აღმოაჩნდება, რასაც განცხადებაში უთითებს, ჩვენი კლინიკის იმიჯის შელახვისთვის იქით დავადანაშაულებთ და ცილისწამებისთვის იმაზე ათჯერ მეტ თანხას გადაიხდის, რაც მას აქ მკურნალობაში დაეხარჯა “, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას კლინიკის დამფუძნებელი გია ცაგარეიშვილი.
სამედიცინო დაწესებულების „ინ ვიტროს“ დამფუძნებელმა პაციენტის უფლებები არ დაარღვია და „კვირას“ არ გაუმხილა, თუ რა ოპერაციები ჰქონდა ჩატარებული მანანა დ.-ს ხელოვნური განაყოფიერების მკურნალობამდე. თუმცა, აღნიშნა, რომ პაციენტის ასაკი – 49 წელი, ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაში საგანგაშო არ იყო. „პაციენტი დაგვიანებით არ მოსულა. მერე რა, რომ 49 წლის იყო, ჩვენთან 56 წლის ქალიც ყოფილა. მთავარია, შედეგი ყოფილიყო“, – აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისიის წევრები ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა „ინ ვიტროს“ შემოწმებას ამ დღეებში დაიწყებენ.
იზა შაქარაშვილი