“ცვალებადი,  ანუ მოკლევადიანი ფაქტორებიდან გამომდინარე, ინფლაციის შემცირებას უნდა ველოდოთ”- გიორგი ცუცქირიძე

“ინფლაციის გამომწვევი ცვალებადი,  ანუ მოკლევადიანი
ფაქტორებიდან გამომდინარე, ინფლაციის შემცირებას უნდა ველოდოთ”- ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ცუცქირიძემ ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების შესახებ ისაუბრა და ოქტომბრის თვის ინფლაციის მაჩვენებელი შეაფასა.

“მოგეხსენებათ,  ინფლაცია  ერთ-ერთი ისეთი საკითხია, რომელიც
მოსახლეობასაც ეხება და
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზეც ახდენს ზეგავლენას. ამ შემთხვევაში  ეკონომიკის რეალური ზრდის მაჩვენებელს ვგულისხმობ.
არის შეფასებები,  რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია.  მიზნობრივი მაჩვენებელი  კი , მოგეხსენებათ, 3% -ია. მაღალი ინფლაცია, ბუნებრივია, სასურველი არ არის. ოქტომბრის მონაცემებზე ვამბობ, როცა ინფლაციის მაჩვენებელი  5,2%-ია.  მაგრამ,  შეფასებები, რომელსაც ვისმენთ,
მაინც უფრო  პოლიტიზებულია, ცოტა სპეკულაციურიც და  საექსპერტო თვალსაზრისით, არარეალურიც.

რეალურად, როცა ინფლაცია  მაღალია, ეს ეკონომიკისთვის  მთლად კარგი არაა,
მაგრამ მეორე თემაა,  თუ როგორ ხდება ამ თემის პოზიციონირება, ანუ პოლიტიზება.  არის შეფასება,
რომ ეროვნულ ბანკს  ინფლაცია გაექცა, მეორე შეფასებაა, რომ ეკონომიკური ზრდა შენელებულია და  შენელებული ეკონომიკური ზრდის პირობებში მაღალი ინფლაცია ეკონომიკაში  გარკვეულ კრიზისულ ფაქტორებზე მიანიშნებს.  ეს არის შეფასება, რომელსაც ცალკეული ოპოზიციური გადახრის ექსპერტები აკეთებენ. ბუნებრივია, აქ საუბარი დგება იმაზე, იგივე ინფლაციასთან, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლთან მიმართებაში რეალურად რა ხდება.
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დავიწყებ: შეიძლება,  შარშანდელთან შედარებით  მცირედით  შემცირებულია, მაგალითად,  შარშან 9,4% იყო,  წელს  ყველა პროგნოზით, მათ შორის,  “სავალუტო ფონდის”, “მსოფლიო ბანკის”, საქართველოს მთავრობის,  სავარაუდოდ, წლიური   7.4 – 7.5%-ია;  პირველი 10 თვის მიხედვით, მოგეხსენებათ,
7.7%-ია.   დიდია,  თუ მცირე
ამას მოწმობს ის, თუ  სხვა ქვეყნებში როგორია, ასევე
როგორია რეგიონში
ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით განვითარების დინამიკა. ” სავალუტო ფონდის” შეფასებით,
2024-25 წლებში საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი  18% იქნება,  რაც  მსოფლიოში მეორე შედეგია,  ანუ ეს მაჩვენებელი  გაცილებით
მაღალია,  ვიდრე არის რეგიონში,  ევრაზიაში (ვგულისხმობ ინდოეთსაც და ჩინეთსაც). ევროკავშირს ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდა ისედაც შემცირებული აქვს.
პირველი თემა,  რომ ეკონომიკური ზრდა  შენელებულია – უტრირებულია.

მეორე  თემაა, თუ როგორია ინფლაცია:  ინფლაცია  5.2%-ია.
როცა ამ თემის თავისებური სპეკულირებაა,  ესაა მინიშნება ეროვნულ ბანკზე, რომ ამ შემთხვევაში ის  არ, თუ ვერ  ასრულებს  თავის მოვალეობას, რომელიც  ფასების სტაბილურობაა. მაგრამ,  ინფლაციის შეფასება მოკლე და შედარებით ხანგრძლივი პერიოდის ზეგავლენით უნდა მოხდეს. ანუ, იმაზე უნდა ვილაპარაკოთ,  როგორია ზოგადად ინფლაციის  საზომი,  ანუ რა სასაქონლო ჯგუფებზე ხდება ფასების ზრდა.  არის შედარებით მერყევი სასაქონლო ჯგუფები,  ანუ სადაც ფასები ხშირად იცვლება და არის  შედარებით ხისტი სასაქონლო ჯგუფი,
სადაც გარკვეული დროის განმავლობაში ფასები უფრო სტაბილურია.

რა არის ინფლაციის მატების მიზეზი? შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ზუსტად ცვალებადი სასაქონლო ჯგუფებიდან გამომდინარეა. პირველ რიგში,  მე ვგულისხმობ სურსათზე ფასებს, რომელიც გაზრდილია,  დაახლოებით 10-12%-ით. ამან, ბუნებრივია,  ინფლაციის საერთო მაჩვენებელზე ზეგავლენა მოახდინა. მაგრამ,
ეს ცვალებადი სასაქონლო ჯგუფები (მაგალითად, რომ ავიღოთ  სიგარეტზე ,  ენერგომატარებლებზე ფასები) საერთო ინფლაციურ დონეს რომ გამოვაკლოთ,  ვნახავთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი  მიზნობრივზე,  ანუ 3%-ის ქვემოთაა,
დაახლოებით,  2.4%-ია.
ასევე ძალიან საინტერესოა, თუ როგორია მომსახურების ინფლაციაც, მომსახურების სერვისების ფასები. აქ
ინფლაცია ასევე  მიზნობრივზე დაბალია –  2.5%-ია.
კიდევ ერთი ფაქტორია,  თუ როგორ არის იმპორტირებული
საქონლის  წლიური ცვლილება
პროცენტულად,  ესეც დაახლოებით  0%-იან ფარგლებშია. გასაგებია,  აქ
გარკვეული როლი ითამაშა იმანაც,  რომ მაგალითად, ამ პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე საწვავზე ფასები შემცირებულია.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება,  როცა ხდება სწორედ ამ ფაქტორებს უყურებს,  ანუ ეს ინფლაციაზე  ხანგრძლივი მოქმედების  ეფექტია, თუ ხანმოკლე.
ცვალებადი ფასები თავის ბუნებიდან გამომდინარე  ხანგრძლივი  მოქმედების არაა, ის  ხანმოკლე მოქმედების ეფექტის მატარებელია.  აქედან გამომდინარე,  ეროვნულ ბანკს, დღევანდელი მონაცემებით, შეუძლია, არ ჩაერიოს,  ანუ მონეტარული განაკვეთის ზრდა   არ მოახდინოს.  მოგეხსენებათ , როცა მონეტარული განაკვეთი  ძვირდება,
საკრედიტო რესურსი ძვირდება და  ეკონომიკურ აქტივობაზე გარკვეულად ზეგავლენას ახდენს.
რადგან ამ ინფლაციას უფრო ხანგრძლივი ზემოქმედების
მატარებელი ეფექტი არ აქვს, ეროვნული ბანკი აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როცა მონეტარული განაკვეთის ზრდა, ანუ გაძვირება არ მოახდინა.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა დეკემბერში იქნება,
ეროვნული ბანკი ტენდენციას დააკვირდება,  თუ მერყევი ფასების მქონე პროდუქციას
უფრო ხანგრძლივი ზემოქმედების ეფექტი  ექნება, მაშინ ეროვნული ბანკს შეუძლია, მონეტარული განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღოს.
ამაში პრობლემური არაფერია.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს ინფლაცია შეგვიძლია,  შევაფასოთ როგორც დროებით მაღალი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალაც  მაღალი იქნება,  თუ, ბუნებრივია,  მისი მაპროვოცირებელი გარე ფაქტორები არ იქნება. ვგულისხმობ გლობალურ ფაქტორებს, მათ შორის ისეთს, რომელმაც შეიძლება, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს.

ყველას აინტერესებს, როგორია პროგნოზი:  მომავალი
წლის, საშუალოდ, ექვსთვიან პერიოდში შეიძლება,  შევაფასოთ, რომ ალბათ,  ინფლაცია
დაიწევს და  4%-ში იქნება. ამაზე
შემდგომში უფრო შეგვეძლება საუბარი, ალბათ მიზნობრივ მაჩვენებელსაც  დაუახლოვდება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ცვალებადი ფასების ეფექტს მაინც ხელმოკლე ზემოქმედების
მაჩვენებელი აქვს.

რომ შევაჯამოთ: ჩვენ ინფლაციის შემცირებას უნდა ველოდოთ, გამომდინარე ინფლაციის გამომწვევი ცვალებადი ფაქტორიდან, ანუ მოკლევადიანი
ფაქტორებიდან”- განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, “საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის” ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.2 პროცენტი შეადგინა.

მათივე ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.7 პროცენტით, რაც წლიურ
ინფლაციაზე 3.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი
და ყურძენი (21.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (19.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა
ტკბილეული (17.2 პროცენტი), თევზეული (16.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (13.9 პროცენტი), პური და
პურპროდუქტები (12.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და
ნატურალური წვენები (10.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (10.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი
(8.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.9 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე
0.75 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების
(9.3 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის,
აპარატურის და მოწყობილობის (8.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.6 პროცენტით. შესაბამისად,
ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.36 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც
თამბაქოს ნაწარმზე (7.2 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.9 პროცენტი).

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები