,,მკვდარი ამხანაგის დედა რომ დაგირეკავს – მცემენო, ალბათ, ჩახვალ” – თაკო ჩარკვიანი ძმისშვილზე, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაშია მხილებული
,,მკვდარი მეგობრის დედა რომ დაგირეკავს – მცემენო, ალბათ, ჩახვალ” – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი ძმისშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაშია მხილებული.
,,ჯანუკას, გარდაცვლილი მეგობრის დედამ დაურეკა – მცემენო. ვიდეოში [შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებში] ისმის კიდეც რომ ეს ქალი [მანჩო გიორგობიანი] ამბობს, რომ დავურეკავო. როგორც მე გავიგე, დაურეკა.
ეს ქალი მანამდე ჩხუბობს და შემდეგ როგორც ჩანს ურეკავს – “მცემენ, მომეშველე”.
ძალიან მეცოდება ჯანკო, ძალიან კარგი ბიჭია, როგორ აგიხსნათ ხალხო – ძალიან მებრალება. მკვდარი ამხანაგის დედა რომ დაგირეკავს – მცემენო, ალბათ, ჩახვალ. შვილის ტოლა ბიჭს როგორ უნდა დაურეკო?! არ არის ეს ნორმალური. კონსულტანტთან მოუვიდა ამ ქალს [მანჩო გიორგობიანს ჩხუბი]. ცოდვაა ამ საქმისთვის ახალგაზრდა კაცი რომ დაისაჯოს”- ამბობს თაკო ჩარკვიანი ,,ტვ პირველთან” საუბრისას.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მოქალაქე მანანა გიორგობიანი დააკავეს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ბრალდებულმა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს – 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს – 1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე ექვსივე პირი. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების ადგილსამყოფელის დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მოცემულ შემთხვევაში ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.