მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ჟენევაში, IGF-ის ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე ნანა ზამთარაძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი გალინა ბიწაძე შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში, სამთო, მინერალების, ლითონების და მდგრადი განვითარების მთავრობათაშორისი ფორუმის 21-ე ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების მიზანია წევრი ქვეყნების მთავრობებისა და დამკვირვებლის სტატუსით მონაწილე მთავრობების მიერ მოხდეს წიაღის სფეროში არსებული თანამედროვე, ანგარიშვალდებული, სამართლიანი და ინოვაციური მიდგომების განხილვა. სააგენტოს წარმომადგენლებმა, მთავრობათაშორისი ფორუმის (IGF) მე-11 სესიის ფარგლებში, წარადგინეს პრეზენტაცია – „სახელმწიფოს ხედვა კრიტიკულ ნედლეულთან მიმართებით, გლობალურ კონტექსტში (შესაძლებლობები და გამოწვევები)“. ასევე, განიხილეს სამთო-მოპოვების სექტორის მნიშვნელობა, კრიტიკული ნედლეულის განვითარების სტრატეგია, მისი რეგულირების ჩარჩო და სახელმწიფოს ხედვა სექტორის მდგრადი განვითარების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ მთავრობათაშორისი ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობა ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებას.

წლევანდელი შეხვედრის თემას წარმოადგენდა „მოპოვების მიღმა არსებული ღირებულება: მოპოვების ხელახალი გააზრება მდგრადი მომავლისთვის“, რომელიც სამთო-მოპოვებითი სექტორიდან მიღებული სარგებლის ოპტიმიზაციას, შემდგომში უმუშევრობის შემცირებას, ინკლუზიურ ზრდას, სოციალურ განვითარებასა და გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა.

მთავრობათაშორისი ფორუმი – IGF მხარს უჭერს 80-ზე მეტ ქვეყანას, რათა მათ სამთო-მოპოვებითი სექტორის მდგრადი განვითარების გზით უზრუნველყონ ფინანსური სარგებლის გაზიარება. ყოველწლიურად, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები