„როდესაც ადამიანი არღვევს თავისი ვიზით და დანარჩენი პროცედურებით გაწერილ საკითხებს, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იქიდან გამომდინარე, რომ ეს პრობლემა ძირშივე მოვკვეთოთ,“ – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ჩვენთვის მიუღებელია ისეთი ეგრეთ წოდებული ტურისტის მიღება, რომელიც ჩამოსული არის იმისათვის რომ სამართალდამცავ უწყებებთან შევიდეს კონფლიქტში, ჩაერთოს აქციებში და ჩაერთოს ჩვენ შიდა საქმეებში“, – აცხადებს მაჭავარიანი.
ცნობისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, პარლამენტი სესიაზე მიმდინარე კვირას განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩაემატება ასევე ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე, უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.