ირაკლი ქადაგიშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაზე: არ გვინდა, რომ რაიმე განცხადება კვლავ გახდეს რუსეთისათვის საქართველოზე აგრესიის მაპროვოცირებელი
„ნატო-ს თემა, რომელსაც რუსეთი სვამს დღეს ამ ომის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად და მოითხოვს ამ მიზეზის გაქრობას, ამ კონტექსტში. ამ საკითხის ხელახლა წამოწევა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს ნატო-სთვისაც და რა თქმა უნდა ჩვენთვისაც,”- ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, არ სურს, რომ რაიმე განცხადება კვლავ გახდეს რუსეთისათვის საქართველოზე რაიმე ტიპის აგრესიის მაპროვოცირებელი. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ მხოლოდ განცხადება არა, ჩვენ ძალიან მყარი, კონკრეტული ნაბიჯები გვჭირდება.
„საქართველოს მხრიდან გადადგმული იქნა ძალიან ბევრი კონკრეტული ნაბიჯი, დაწყებული არამარტო სამხედრო მშენებლობის კომპონენტში და საქართველოს სოლიდარობით საერთაშორისო მისიებში, ავღანეთის ხსენებაც კი საკმარისია, არამედ მათ შორის ქვეყნის, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნისთვის შესაბამის ინსტიტუციური გარდაქმნის კუთხითაც. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენ შემხვედრი პრაქტიკული ნაბიჯები ვერ დავინახეთ. არა მარტო უსაფრთხოების მიმართულებით, არამედ იმ მიმართულებითაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავისი დემოკრატიული რეფორმაციის კუთხით მართლაც ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო გახდა, მუდმივად ხდება სპეკულირება ამა თუ იმ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და საქართველო სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური შანტაჟის ქვეშ ექცევა ხოლმე.
ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ჩვენ არა მარტო განცხადება გვჭირდება, რომლის უკანაც პრაქტიკული ნაბიჯები არ ჩანს და ხშირ შემთხვევაში უფრო შანტაჟის საბაბად იყენებენ ხოლმე გარკვეული პოლიტიკური წრეები, არამედ გვჭირდება მართლა ღია და კონკრეტული თანამშრომლობა.
დღეს ომი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში, როგორც თვითონ დასავლეთი აღიარებს ეს არის ომი რუსეთსა და ნატოს შორის ფაქტობრივად. ეს უკვე ყველასთვის ნათელია. ამ კონტექსტში რა თქმა უნდა ნატოს თემა, რომელსაც რუსეთი სვამს დღეს ამ ომის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად და მოითხოვს ამ მიზეზის გაქრობას, რომ ეს აღარ იყოს დღის წესრიგში, ამ კონტექსტში ამ საკითხის ხელახლა წამოწევა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს ნატო-სთვისაც და რა თქმა უნდა ჩვენთვისაც. ჩვენ არ გვინდა, რომ რაიმე განცხადება კვლავ გახდეს რუსეთისათვის საქართველოზე რაიმე ტიპის აგრესიის მაპროვოცირებელი. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ მხოლოდ განცხადება არა, ჩვენ ძალიან მყარი, კონკრეტული ნაბიჯები გვჭირდება, რომ ისევე როგორც 2008 წლის შემდეგ განცხადება დარჩა განცხადებად და შედეგად მივიღეთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ანალოგიურად ამ შემთხვევაშიც, როდესაც ფაქტობრივად გამოცხადებული არის რუსეთ-ნატოს ომი უკრაინის ტერიტორიაზე, არ ვაკნინებ ამ შემთხვევაში თვითონ უკრაინელების ბრძოლას და ასე შემდეგ, მაგრამ კონტექსტი ეს არის, ეს უკვე ნათელია ორმხრივადაც, ყველა მხრიდანაც აღიარებული საკითხია.
ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი უსაფრთხოება არ გახდეს კვლავ განცხადების მძევალი, რომლის უკანაც არ იქნება კონკრეტული ნაბიჯი. ჩვენ გვითქვამს და კიდევ ერთხელ და ბევრჯერ გავიმეორებთ, რომ ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური არჩევანი არ შეგვიცვლია მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს რუსული აგრესიის მსხვერპლი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.