მასკის მამა: კაცობრიობა არ დაუშვებს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა მსოფლიო დაიპყროს
ადამიანები არ დაუშვებენ, რომ რობოტებმა და ხელოვნურმა ინტელექტმა მსოფლიო დაიპყროს, ეს ტექნოლოგიური მიღწევები ადამიანების ხელში იარაღი იქნება, – ამის შესახებ მილიარდერი ილონ მასკის მამამ, ეროლ მასკმა განაცხადა.
„ხალხი არ დაუშვებს, რომ რობოტებმა და ხელოვნურმა ინტელექტმა მართონ მსოფლიო. ისინი [რობოტები და ხელოვნური ინტელექტი] მხოლოდ იარაღები იქნებიან ჩვენს ხელში. და მე არ მჯერა ამ ისტორიების, რომ ხელოვნური ინტელექტი დაიპყრობს მსოფლიოს. ვერაფერი შეედრება ადამიანის აზროვნებას“, – აღნიშნა ეროლ მასკმა „2050 წლის მომავლის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ილონ მასკმა უთხრა, რომ 2040 წლისთვის რობოტები ყოველდღიური ცხოვრების ისეთივე ნაწილი იქნებოდნენ, როგორც სარეცხი მანქანები.
„არა მგონია, რომ ტექნოლოგიები ჩვენთვის საფრთხედ იქცეს, ის სასიკეთოდ გვემსახურება… ის ჩვენს გონებას გაათავისუფლებს და ჩვენ შევძლებთ სხვა რამის კეთებას… არა ყოველდღიური საქმეების კეთებას, არა ჭურჭლის რეცხვას, არამედ წიგნის წერას“, – ხაზგასმით აღნიშნა ბიზნესმენის მამამ.