„საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ღამით აცნობეს თბილისში საელჩოს, რომ არცერთ ხსენებულ ამ სამ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო აღმოჩენილი” – აშშ-ის საელჩო
„7 მაისს აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული შეტყობინების შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ღამით აცნობეს თბილისში საელჩოს, რომ არცერთ ხსენებულ ამ სამ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო აღმოჩენილი”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ მორიგ განცხადებაში წერია.
მათი ცნობით, გაუქმებულია სიფრთხილის ზომები, რომლებიც 7 მაისს თბილისში მდებარე სამ სავაჭრო ცენტრში – „ისთ ფოინთი“, „გალერია თბილისი“ და „თბილისი მოლი“ , ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით იქნა გაცემული.
“რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა მისი რეკომენდაცია საელჩოს თანამშრომლებისთვის, თავი აერიდებინათ ამ ტერიტორიებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 7 მაისს საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.
საპასუხოდ, სუსმ-მა მოუწოდა დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან.