ბაჩო ოდიშარია – 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებზე: ეს იყო სრულად ანტიჰუმანური პროვოკაცია, რადგან 9 აპრილის გმირების მემორიალი არ არის ვინმეს ექსკლუზივი, არც პოლიტიკური გემოვნების ადამიანების ექსკლუზივი
ეს იყო სრულად ანტიჰუმანური პროვოკაცია, რადგან 9 აპრილის გმირების მემორიალი არ არის ვინმეს ექსკლუზივი, არც პოლიტიკური გემოვნების ადამიანების ექსკლუზივი. ეს არის საერთო ტრაგედიის და გმირობის განცდის სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ვინც თვლის, რომ პატივი უნდა მიაგოს, იქ მიესვლება და უნდა მივიდეს, – ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსმა, ბაჩო ოდიშარიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„მამაჩემი აფხაზეთის ომში არის დაღუპული და აფხაზეთის ომში დაღუპულთა გმირთა მემორიალზე, რომ ვიღაცა დამიდგეს და მითხრას, რომ იმის წარმოდგენაში მე რუსი ვარ და რუსული პროპაგანდის გამტარებელი, მე იქ არ მიმესვლება და ყვავილი არ მიმეტანება.
შეიძლება პიკეტირება მოახდინო შენობის იმიტომ, რომ გინდა რომ ეს სამუშაო პროცესი გაჩერდეს, ამას მოუძებნი პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ახსნას, მაგრამ პატივის მისაგებად მისულის ადამიანის, რომელიც დაღუპული გმირების მემორიალთან ცდილობს, რომ ყვავილი დადოს და სანთელი დაანთოს და ამის ბლოკირებას ახდენ, შენ საზღვრავ, რომ აქ მოსვლის უფლება კონკრეტულ ადამიანებს აქვთ თუ არ აქვთ. ღამის კლუბი ძალიანაც რომ მოუნდეთ ვერ გახდება საქართველო და მით უმეტეს ისეთი საკრალური და სიმბოლური ადგილები, რომლებზეც ვსაუბრობთ“, – აღნიშნა ბაჩო ოდიშარიამ.