ნინო წილოსანი – დიდი ბრიტანეთის სანქციებზე: ამით გადაფარეს ყოველდღიურად ოცდაათამდე ადამიანს რომ აპატიმრებენ ბრიტანეთში სოციალურ ქსელებში დაწერილი პოსტების გამო
ამით გადაფარეს ყოველდღიურად ოცდაათამდე ადამიანს რომ აპატიმრებენ ბრიტანეთში სოციალურ ქსელებში დაწერილი პოსტების გამო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
წამყვანმა მას ჰკითხა, რას ეტყოდა საქართველოს მოქალაქეებს, როცა სანქციების დამწესებელი ბალტიისპირეთის წარმომადგენლები და ახლა უკვე ბრიტანეთის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ იმის გამო, რომ ადამიანების უფლებები ირღვევა საქართველოში, რომ დემოკრატია არ არის სათანადო დონეზე, სანქციები ხდება საქართველოს მოქალაქეების საგულშემატკივროდ.
„ბრიტანეთიდან წამოვიდა სანქციები და დოკუმენტში დაიწერა, რომ სანქციები იმისთვისაა, რომ ადამიანების უფლებები ირღვევა და ამით გადაფარეს ყოველდღიურად ოცდაათამდე ადამიანს რომ აპატიმრებენ ბრიტანეთში სოციალურ ქსელებში დაწერილი პოსტების გამო. ამაზე ილონ მასკიც საუბრობს და ფაქტობრივად მისი ციტატა მომყავს, რომ „ბრიტანეთი დაეცა“. ადამიანის უფლებების დარღვევაში და დასანქცირებაში ალბათ ის იგულისხმეს, რომ რამდენიმე დღის მანძილზე, პოლიციელები გმირულად ითმენდნენ გინებებს, შეურაცხყოფებს, სულში ჩაფურთხებას იმ დემონსტრანტების მხრიდან, რომლებიც პარლამენტის წინ იდგნენ“, – აღნიშნა წილოსანმა.