პარლამენტი ახალი რეგლამენტის პროექტის განხილვას იწყებს
საქართველოს პარლამენტი ახალი რეგლამენტის პროექტის განხილვას იწყებს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომელმაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივები წარადგინა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
“ახალი რეგლამენტის პროექტის მიღებით მოქმედ რეგლამენტში არსებული შინაარსობრივი ხარვეზები აღმოიფხვრება, დაზუსტდება და ახლებურად მოწესრიგდება საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი, დაიხვეწება რეგლამენტის სტრუქტურა.
პარლამენტის მოქმედი რეგლამენტისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ თავებად და მუხლებად არის დაყოფილი, ახალი რეგლამენტის პროექტი შედგება 10 კარისა და 31 თავისგან, რომლებიც ლოგიკური თანამიმდევრობითაა დაჯგუფებული.
პროექტში საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მოწესრიგებულია ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვასთან დაკავშირებული საკითხები. მასში ასევე ახლებურად არის მოწესრიგებული საპარლამენტო ჯილდოებთან დაკავშირებული საკითხები.
პროექტში ახლებურადაა ჩამოყალიბებული ზოგიერთი კომიტეტის სახელწოდება, კერძოდ: აგრარულ საკითხთა კომიტეტს ეწოდება სოფლის მეურნეობის კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს − ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს − თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს − დიასპორის კომიტეტი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს − რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს − საპროცედურო საკითხთა კომიტეტი.
ასევე ზუსტდება პარლამენტის პლენარული სხდომების გამართვის საათები. ახალი რედაქციის თანახმად, პარლამენტის სხდომის გამართვის საათებია 12:00−21:00. ამასთანავე, პარლამენტის გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება პლენარული სხდომის 21:00 საათის შემდეგ გაგრძელება განსახილველი საკითხის ამოწურვის მიზნით.
მოწესრიგდება და დეტალურად განისაზღვრა პოლიტიკური დებატების პროცესში პარლამენტის წევრთა სიტყვით გამოსვლის თანამიმდევრობა.
ცვლილებები განხორციელდება პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ნაწილშიც. უქმდება „მინისტრის საათი”, რომელიც არ არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საზედამხედველო ინსტრუმენტი.
პროექტში ცალკე თავებადაა ჩამოყალიბებული დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების მომწესრიგებელი ნორმები.
ბიუროს სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის ახალ პროექტზე წამყვან კომიტეტად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განისაზღვრა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.