ნიკოლეიშვილი – “დიფ სთეითზე” – სანქციები აქვთ დაწესებული რუსეთთან, ამავდროულად, გაქანებული ვაჭრობა აქვთ და აქედან სარგებელს ნახულობენ
„რაც შეეხება „დიფ სთეითის“ რესურსს – აქვთ მათ გარკვეული რესურსი, ვინაიდან დიდ ფინანსებზეა საუბარი და ასე ადვილად დასამარცხებელი არ გამოდგა, როგორიც იყო წარმოდგენები ამის თაობაზე“, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, „დიფ სთეითს“ ღრმა ფესვები აქვს.
„ძალიან მძლავრი დაჯგუფება არის, კლანური ევრო ბიუროკრატები, ევრო ლიდერები არიან გაერთიანებული და მათი სურვილი აბსოლუტურად გასაგებია არა მარტო საქართველოსთან მიმართებით, არამედ ევროპასთან დამოკიდებულებაშიც. ჩვენ ხომ ვხედავთ, როგორ არ უნდა დასრულდეს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, იმიტომ, რომ სერიოზულ სარგებელს იღებენ აქედან. აქვთ დაწესებული სანქციები რუსეთთან, ამავდროულად, გაქანებული ვაჭრობაა აქვთ და ბიზნესი და აქედან სარგებელს ნახულობენ. რაც შეეხება საქართველოს, მათ გაჩხერილი აქვთ ყელში ლუკმა ვინაიდან არის პრინციპული ხელისუფლება საქართველოში, რომლისთვისაც მთავარი არის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესები და ისე, რომ ვიღაცამ რაღაც გადაწყვიტოს, რომ როგორი წყობა უნდა იყოს, ვინ უნდა იყოს მმართველობაში და ვინ უნდა მართავდეს ამ ქვეყანას, ამას წყვეტს საქართველოს მოსახლეობა და ის ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებზე იღებს მონაწილეობას. ახლა მათი მხრიდან რეზოლუციები, აღშფოთება, შეშფოთება, ვიღაცების პოლიტპატიმრებად გამოცხადება, „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელების პოლიტპატიმრებად გამოცხადება ეს არაფერს არ ცვლის. ევროპელებმა, სამწუხაროდ მათთვის გაანულეს ის ავტორიტეტი, რაც გააჩნდათ საქართველოში“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.