არჩილ გორდულაძე – ლილუაშვილზე: მძიმეა, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირი მხილებული და ბრალდებულია მძიმე დანაშაულში

“მძიმეა, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირი მხილებული და ბრალდებულია მძიმე დანაშაულში,” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა, მისი ერთ-ერთი პირველი განცხადება კორუფციულ საკითხებს ეხებოდა.

„რამდენიმე წლის წინ, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა, მისი ერთ-ერთი პირველი განცხადება კორუფციულ საკითხებს ეხებოდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელსაც მან პარლამენტში გამოსვლისას ხაზი გაუსვა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ერთია, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატარებული შესაბამისი ღონისძიებები იმ პირების მიმართ, რომელიც სჩადიან ან ჩადენილი აქვთ კორუფციული დანაშაულები, მაგრამ მეორეა ის, რომ ასეთი დანაშაულების პრევენცია მოხდეს, რაზეც არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული პირადად ირაკლი კობახიძის მიერ. ჩვენი პოზიცია ყოველთვის ისაა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს.

კორუფცია ყველა ქვეყნისთვის გამოწვევაა. აქ მთავარი ბრძოლის ის მეთოდებია, რომელიც ერთი მხრივ, კორუფციული დანაშაულის პრევენციას უწყობს ხელს და მეორე მხრივ, გამოვლენის შემთხვევაში კი, შესაბამისი რეაგირება ხდება. ყველა, ვინც ახლა მაღალ თანამდებობას იკავებს, ფრთხილად უნდა იყოს და გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, მთელი სიმკაცრით გატარდება. ვფიქრობ, გრიგოლ ლილუაშვილის მიერ წაყენებულ ბრალში ყველაზე მძიმე სწორედ „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებული საკითხია. პროკურატურის განცხადებით, დიდ ჯგუფს, რომელიც „ქოლცენტრებს“ მართავდა, ხელს აფარებდა და აქედან მიღებული თანხებით ოპოზიციურ ტელევიზიებს, გაერთიანებებს და პიროვნებებს აფინანსებდნენ. გარიგება ხდებოდა, რომ ზუსტად ეს ტელევიზიები გრიგოლ ლილუაშვილზე ან არაფერს საუბრობდნენ ან ისეთს ამბობდნენ, რისი დამტკიცებაც შეუძლებელი იყო. ეს დამატებითი საკითხია, რომელსაც პროკურორის თქმით, დამატებით გამოძიებას და საკითხის ჩაღრმავებას საჭიროებს“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი გუშინ დააკავა. ლილუაშვილს ბრალი რამდენიმე ეპიზოდზე წარედგინა, რომელთაგან ერთ-ერთი ე.წ. ქოლცენტრების საქმეს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები