შალვა პაპუაშვილი და დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში მეხორბლე ფერმერებს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში, ხორბლისა და ქერის შემნახველ საწარმოში მეხორბლე ფერმერებს შეხვდნენ და ალოობის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„მინდა ხარისხიანი და უხვი მოსავალი გისურვოთ. შრომას თავისი წვლილი მიუძღვის ამ წარმატებაში და შედეგიც უკვე თვალსაჩინოა. დღევანდელ შეხვედრაზე ბატონ დავითთან ერთად მოვედით, რათა მოგისმინოთ, რა სახის დახმარება შეიძლება გაგიწიოთ სახელმწიფომ, რა საჭიროებები და გამოწვევები გაქვთ. სახელმწიფო გააგრძელებს ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერას, რათა თქვენი შრომა ღირსეულად დაფასდეს და მომავალშიც წარმატებულად განვაგრძოთ ერთობლივი წინსვლა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა მოსავლის აგროვადებში აღების და დაბინავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროცესის კოორდინაციის მიზნით, გახსნილია საორგანიზაციო შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ლოგისტიკური ჯაჭვის გამართულ მუშაობას.
მინისტრმა ყურადღება მეხორბლე ფერმერების მხარდაჭერის და დარგის განვითარების სახელმწიფო პროგრამებზე გაამახვილა. აღინიშნა, რომ 2020-2024 წლებში, „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ (მოსავლის ამღები) ფარგლებში, თანადაფინანსებით განხორციელდა 78.5 მილიონი ლარის ინვესტიცია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში, საიდანაც სახელმწიფოს წილი 27.5 მილიონ ლარს შეადგენს.
წელს ხორბლის აღების პროცესში 300-მდე კომბაინია ჩართული, რომელთა დიდი ნაწილი, სწორედ სახელმწიფოს მხარდაჭერითაა შეძენილი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ალოობის პროცესის ორგანიზებულად ჩატარებისთვის საკოორდინაციო შტაბის გახსნა მეხორბლე ფერმერებმა დადებითად შეაფასეს.
ფერმერებმა მინისტრს მიმდინარე საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ მთავარი საზრუნავი მოსავლის ხარისხი და, ბაზარზე არსებული ფასების პირობებში, ისეთი შემოსავლის მიღებაა, რაც გაწეულ ხარჯებს დააბალანსებს.
მეხორბლე ფერმერებთან შეხვედრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში, ზურაბ თევზაძის ხორბლისა და ქერის შემნახველ საწარმოში გაიმართა. მეწარმე სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია, რომელმაც ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით როგორც მარცვლეული კულტურების მოყვანის, ასევე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის მიზნობრიობით. აგროსესხის ოდენობა 900,000 ლარია.
ფერმერებთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის დეპუტატები, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები.