მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი” თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ოფიციალურად გადაეცა
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი” თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ოფიციალურად გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფესტივალის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, დამფუძნებლებმა – ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთევან დოლიძემ, გენერალურმა მენეჯერმა სოფიო თორთლაძემ და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორმა ივანე ხუციშვილმა.
“ფესტივალი, რომელიც კინომსახიობთა თეატრს სრულად – ორგანიზების, გამართვისა და ფესტივალთან დაკავშირებული ყველა საავტორო უფლებით გადაეცა, ქეთევან დოლიძისა და სოფიო თორთლაძის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებას გააგრძელებს ახალი სახელწოდებით – „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი”.
საქართველოს კულტურის სამინისტრო ხელს შეუწყობს ფესტივალის ფუნქციონირებასა და განვითარებას.
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი წლევანდელ ფესტივალს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაატარებს.
დოკუმენტის ხელმოწერას საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობები, კინოსა და თეატრის სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ,”- ნათქვამია ინფორმაციაში.