მისი შემოქმედება მრავალფეროვანია. გამორჩეულია ლენტებით შექმნილი ხელოვნება, მუშაობს თექაზე, ქსოვს ყაისნაღით და ბისერებით ქარგავს. დაამთავრა დეკორატიული ქსოვის კურსებიც…
მონაწილეობს გამოფენებში, მერი შენგელიას ხელოვნების სტუდიაში ასწავლის ლენტებით ქარგვის ტექნოლოგიას.
ამბობს, რომ შთაგონებას ბუნების და ყვავილების სიყვარული აძლევს. „მინდა, ყველა სახეობის ყვავილი გავაცოცხლო და ტილოზე გადმოვიტანო“. – მხატვარ ირინა ჯინჭარაძის პერსონა.
– ბავშვობა. პირველი ნახატები…
– ბავშვობიდან მინდოდა, მხატვარი გამოვსულიყავი, მომწონდა მხატვრების სამყარო. პირველი ნამუშევარი საინტერესო იმით იყო, რომ ფერადი ფურცლებით აპლიკაციებს ვაკეთებდი და ბისერებს ვაკერებდი. ახლაც მაქვს შენახული ჩემი პირველი ნამუშევარი.
– თავიდან ბისერებით ქარგავდით… შემდეგ უფრო მრავალფეროვანი გახდა თქვენი შემოქმედება… ლენტებით ქარგავთ, ყაისნაღით ქსოვთ, მუშაობთ თექაზე, დეკორატიული ქსოვის კურსებიც დაამთავრეთ…
– ამჟამად ვმუშაობ თექაზე, ყაისნაღით ვქსოვ, ბისერებით და ლენტებით ვქარგავ, ყველა მათგანი დიდ შრომას და ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. უპირატესობას ლენტებით ქარგვას მივანიჭებდი.

– რატომ?
– ნაქარგები ლენტებით შესრულებული სხვადასხვა ტექნიკით ძალიან მომწონს და საღებავებს რომ ვიყენებ, რთული კომპოზიციებს შესაქმნელად, სამი კვირაა საჭირო. მიხარია, რომ ჩემი ნამუშევრები მოსწონთ, რადგან ქება სტიმულს მაძლევს, რომ კიდევ ბევრი ვიმუშაო.
– შთაგონება…
– ჩემი ინსპირაცია არის ბუნების და ყვავილების სიყვარული, მინდა, რომ ყველა სახეობის ყვავილი გავაცოცხლო, ტილოზე გადმოვიტანო. ყველაზე დიდი ემოცია დამიტოვა „გაზაფხულმა“. ვფიქრობ, ამ ნამუშევარში უფრო კარგად ჩანს ჩემი სიყვარული ბუნებისადმი.
– ერთი ნამუშევრის ისტორია…
– ჩემი ყველაზე ძვირფასი და ლამაზი ნამუშევარი „გაზაფხულია“, რომელიც დაშლილი ლენტებით მოვქარგე. კიდევ მომწონს „ბაბუაწვერები“. ესეც ლამაზი გამომივიდა. როცა მას ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ბავშვობაში ვბრუნდები და ყვავილებით მოჩითულ მინდორზე გავდივარ. ალბათ ესაა ხელოვნების დანიშნულება, შენში ყველაზე ძვირფასი მოგონებები და შეგრძნებები გამოიწვიოს. ხელოვნება ჩემთვის არის საშუალება, რომ საკუთარი ემოცია და აზრები გადმოვცე.
– გამოფენები, ჯილდოები…
– ბევრ ჯგუფურ გამოფენაში ვმონაწილეობდი. სოციალურ ქსელში გვაქვს ჯგუფი „ქართველ ხელმარჯვეთა სივრცე“. ჩვენ უკვე გვქონდა ორი გამოფენა – მხატვართა კავშირსა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკაში, რომლებმაც წარმატებით ჩაიარა.
– მერი შენგელიას ხელოვნების სტუდიაში ასწავლით ლენტებით ქარგვის ტექნოლოგიას…
– გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. ბევრი ნიჭიერი მოსწავლე გვყავს, გამოფენებშიც ვმონაწილეობთ. გამორჩეული ნამუშევრები აქვთ, რომლითაც ძალიან მაბედნიერებენ.
გეგმაში მაქვს, რომ შევქმნა კიდევ მრავალი ფერადი ნამუშევარი და ბევრ საინტერესო გამოფენაში მივიღო მონაწილეობა.

თამარ შაიშმელაშვილი