შემოდგომაზე თბილისში 12 ათასამდე ხეს დარგავენ

 

  დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, ქალაქის შემოსასვლელებსა და შიდა კვარტალურ გზებზე მწვანე ნარგავების მოვლისა და განაშენიანების საშემოდგომო სამუშაოებს იწყებს. ამ მიზნით, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გამხმარი და მავნებელი დაავადებებისგან დაზიანებული ხეებისაგან შესაბამის ტერიტორიებს გაწმენდს.
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, აღმაშენებლის ხეივანში, 24-25 სექტემბერს, 150-მდე დაავადებული და ხმელი ხე მოიჭრება. მისივე თქმით, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, 2014 წლის საშემოდგომო რგვების ფარგლებში, თბილისის მასშტაბით 12 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება. სამუშაოები პირველ ეტაპზე ქალაქის შემოსასვლელებსა და შიდა კვარტალურ ქუჩებში დაიწყება.
“თბილისის შემოსასვლელში უკვე მონიშნულია დაახლოებით 450 გამხმარი ხე. მათ ნაცვლად ოქტომბრის ბოლოს და ნოემბერში 700 ხე დაირგვება. მომდევნო ეტაპზე განხორციელდება დიღმის ტყე-პარკის რეაბილიტაციის პროექტი. ამ ტერიტორიაზე 6 ჯიშის ნერგები დაირგვება, კერძოდ, აკაკი, ჰორიზონტალური კვიპაროსი, პირამიდული კვიპაროსი, ფიჭვი, ელდარი და ჰიმალაის კედარი“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა. ნარგავების ხმობის გამომწვევ მიზეზად ბიძინა გიორგობიანი ხელოვნური განაშენების დროს, აგროტექნიკური პირობების დარღვევას ასახელებს, რამაც, მისი თქმით, დროთა განმავლობაში მცენარეთა გამძლეობის დაქვეითება, საბოლოოდ კი ხმობა განაპირობა. რაც შეეხება მავნებლებით წიწვოვანი ნარგავების დაზიანებას, ბიძინა გიორგობიანის თქმით, ამის მიზეზი ფიჭვნარებში კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული სტრესული მდგომარეობაა, როდესაც დასუსტებულ მცენარეებს უქვეითდება რეზისტენტობა სხვადასხვა მავნე დაავადებათა მიმართ. ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, დაზიანებული და გამხმარი ნარგავებისაგან ტერიტორიის გაწმენდა აუცილებელია საშიში კერების გაზრდის პრევენციის მიზნით, ანუ იმ ნარგავების გადასარჩენად, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მავნებლებით და სხვა გარემო პირობებით დაზიანებული. ქალაქის გამწვანებისა და ხეების დარგვის პროექტი თბილისის მერის დავით ნარმანიას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები