15 მარტი ქართული არტილერიის დღეა
„დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს,”- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქართული არტილერიის 32 წლის იუბილე ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადაში აღინიშნა. არტილერისტებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა და თავდაცვის ძალებისთვის არტილერიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. არტილერიის დღე აღინიშნა ხონშიც, მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე.
„ღონისძიება პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლები, სამახსოვრო საჩუქრები და საშტატო იარაღი მიიღეს. ღონისძიების დაწყებამდე, ბრიგადაში არსებულ მემორიალთან თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
საარტილერიო ბრიგადებმა სამხედროების ოჯახის წევრებსაც უმასპინძლეს. სტუმრებს სამხედრო ბაზებზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკის დათვალიერების და გასართობ აქტივობებში ჩართვის საშუალებაც ჰქონდათ,”- ნათქვამია ინფორმაციაში.