“სალომე ზურაბიშვილი იმ რანგის პოლიტიკოსი არ არის, რომელიც ხალხის კონსოლიდაციას შეძლებს; ის ამ უნარებს არ ფლობს” – თენგიზ შარმანაშვილი
“სალომე ზურაბიშვილი იმ რანგის პოლიტიკოსი არ არის, რომელიც ხალხის კონსოლიდაციას შეძლებს. ის ამ უნარებს არ ფლობს, არც ინტელექტუალურს და არც პოლიტიკურს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, როგორც წესი, ლიდერი თვითონ უნდა გამოიკვეთოს, წინ ყველაზე ძლიერი წამოიწევს.
“ამ შემთხვევაში, ასე არ არის – სალომე ზურაბიშვილი ლიდერად დაუნიშნეს და კარგი ცხოვრებიდან გამომდინარე კი არა, უბრალოდ, სხვა არ ჰყავთ, რომ წინ წამოწიონ და უთხრან, რომ ეს იქნება თქვენი ლიდერი, რომელიც საქართველოში დაგეგმილ არეულობას უკეთესს ორგანიზებას გაუწევსო. რა თქმა უნდა, შიდა წინააღმდეგობები იქნება, რადგან ლიდერად ყველას თავისი თავი წარმოუდგენია, მაგრამ მათ არ ნიშნავენ. მეღიმება იმაზე, რომ თუნდაც „დიფ სთეითში“ სალომე ზურაბიშვილის ლიდერობაზე აზრი მოუვიდათ, რომ რევოლუციური სიტუაციის სათავეში ჩაეყენებინათ, ასეთი გაქანების ადამიანი. დანარჩენებს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ, მაგრამ იქიდანაც იციან, ზურაბიშვილი რომ ჩაანაცვლონ, აზრი არ აქვს, რადგან ისინი ამას ვერ „გაქაჩავენ“. სალომე ზურაბიშვილი იმ რანგის პოლიტიკოსი არ არის, რომელიც ხალხის კონსოლიდაციას შეძლებს. ის ამ უნარებს არ ფლობს, არც ინტელექტუალურს და არც პოლიტიკურს. რა თქმა უნდა, მათი უბედურება და ჩვენი ბედნიერება ის არის, რომ ამ ამრევებს სერიოზული ხელმძღვანელი ვერ მოუძებნეს და ვერც მოუძებნიან“, – განაცხადა შარმანაშვილმა.