ირაკლი ქადაგიშვილი – ISFED-ის ქმედება მიმართულია სიყალბის შემოტანისკენ

„ISFED-ის ქმედება ყოველთვის მიმართულია იქითკენ, რომ გარკვეული სიყალბე შემოიტანონ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, პროკურატურას არ გადასცემენ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და მიღებული დასკვნების ამსახველ დოკუმენტაციას, რაც აჩენს ეჭვს, რომ შეიძლება, არსებულ მონაცემებში გარკვეული ფალსიფიკაციის მოხდენას ცდილობენ.

„ISFED-ს ამ მონაცემების წარდგენა მეხუთე დღეს სთხოვეს და ამ დოკუმენტს ჯერ არ გადასცემენ. რა თქმა უნდა, ამ დროს გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ შეიძლება, არსებულ მონაცემებში გარკვეული ფალსიფიკაციის მოხდენას ცდილობენ. მიზანი და ინტერესი ერთია, რაც 2020 წელს იყო – მათ მექანიკურად და შეგნებულად ფალსიფიკაცია მოახდინეს ციფრების, რომ ამის საფუძველზე საპროტესტო მუხტი აეწიათ და ეთქვათ, რომ არჩევნები გაყალბდა. 2024 წელს არჩევნებზეც, როცა თქვეს, რომ ცესკო-ს და მათი მონაცემები დაემთხვა, თუმცა შემდეგ მონაცემები უბნების მიხედვით აღარ გამოაქვეყნეს, რადგან გაყალბების თაობაზე ნებისმიერ სპეკულაციას დაამთავრებდა და აქედან გამომდინარე, მათ ინტერესებში ასეთი სპეკულაციის აღკვეთა არ შედიოდა და ეს მონაცემები ამიტომ არ გამოაქვეყნეს.

ლოგიკური კითხვა ისმება, ეს ხომ ბაზაშია ჩატვირთული და ახლა არ არის დასაწერი, შესაბამისად, პროკურატურისთვის მის გადაცემას მცირე დრო სჭირდება, მაგრამ ამას ობიექტური სახით არ გადასცემენ, რადგან ეს სიყალბე, რაც ქართული არჩევნების გარშემო მუდმივად იკერება ხოლმე, არ გამოაშკარავდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ISFED-ში განაცხადეს, რომ პროკურატურისგან მიიღეს წერილი, რომლითაც სთხოვენ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და მიღებული დასკვნების ამსახველი დოკუმენტაციის გაგზავნას. „სამართლიანი არჩევნების“ განმარტებით, ორგანიზაცია გააგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები