საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აჭარაში არსებულ ვითარებას გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აჭარაში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად განხორციელებულ ღონისძიებებსა და არსებულ ვითარებას გაეცნო.

მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ქობულეთში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად შექმნილ შტაბში იმყოფებოდა, სადაც ინფორმაცია მიიღო არსებული ვითარებისა და იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით ახორციელებს.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები და აჭარაში სიტუაცია სრულ კონტროლზეა, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია, აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და კომუნალური სერვისების მიწოდება.

აღინიშნა, რომ გარკვეული გამოწვევები ჯერ ისევ რჩება მაღალმთიან აჭარაში, თუმცა ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება და მაქსიმუმი გაკეთდება მოსახლეობის საჭიროებების მოკლე ვადებში დასაკმაყოფილებლად.

აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი მაღალმთიან სოფლებს ზენითსა და სახალვაშოსაც ეწვია და ადგილზე გაეცნო იქ არსებულ ვითარებას.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ყველა სამსახურს, რომლებმაც დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაზე დროული და სწრაფი რეაგირება მოახდინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები