„ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვექნება საშუალება, რომ ჩვენს მოსახლეობას დავუკავშირდეთ. ვცდილობთ გამოვიყენეთ სპეციალური ტექნიკა, როგორიცაა თოვლმავალი, ბურანები და მაქსიმალური საჭიროების პირობებში მივაწოდოთ აუცილებელი მედიკამენტები და საკვები“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემა „დღის ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რეგიონში ძალიან ბევრი სამედიცინო ეკიპაჟია მობილიზებული.
„ეს არის ცვალებადი პროცესი და შეიძლება მოგვარებული საკითხი კვლავ გაპრობლემდეს. უხვი ნალექიდან გამომდინარე შეიძლება ვითარება გზებზე ასევე შეიცვალოს. ჩვენი ამოცანაა – კომუნიკაციების უზრუნველყოფა, გზების გასუფთავება და შემდგომ ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება. ეს არის ამოცანები რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით. ძალიან ბევრი სამედიცინო ეკიპაჟია მობილიზებული და ვცდილობთ ყველა გამოძახება პასუხგაცემული იყოს.
მისივე თქმით, მოსახლეობიდან სხვადასხვა მოთხოვნა ფიქსირდება.
„არის შემთხვევები, სადაც მოთხოვნა საერთოდ არ არსებობს. მივდივართ ოჯახებში, მადლობას გვიხდიან რომ მივაკითხეთ, მაგრამ ამ მომენტისთვის საჭიროება არ აქვთ. მნიშვნელოვანია კომუნიკაცია შევინარჩუნოთ, მოვიკითხოთ ეს ადამიანები და უზრუნველვყოთ მათ საჭიროებები. არის ოჯახები სადაც საჭიროა მედიკამენტები და საკვები“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.