ბრაზილიის პრეზიდენტი – ტრამპზე: ცდილობს, მსოფლიოს იმპერატორი გახდეს
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ გააკრიტიკა თავისი ამერიკელი კოლეგა, დონალდ ტრამპი ქვეყნებთან მისი მუდმივი უთანხმოებისა და იმ ზიანის გამო, რასაც ამერიკელი ლიდერი შეიძლება, გლობალურ დემოკრატიას აყენებდეს,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მან დონალდ ტრამპს მოუწოდა, გააცნობიეროს, რომ თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს.
“გულწრფელად ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ტრამპი გაითვალისწინებს, რომ თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს. ეს ნიშნავს დემოკრატიის გაძლიერებას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოპოვებული დემოკრატია არის პარამეტრი და მოვლენა საუკეთესო მმართველობისა, რაც ჩვენ გვქონდა ბოლო 70 წლის განმავლობაში და კარგი იქნება, ეს გაგრძელდეს. ახლა კი ის ცდილობს გახდეს მსოფლიოს იმპერატორი”,- განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
ამასთან, ლულას თქმით, შეერთებული შტატები ბრაზილიის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და მისგან მეგობრული ჟესტების ხილვა სურს, თუმცა, მედიის თქმით, ტრამპმა ასევე გამოიწვია ბრაზილიის მხრიდან შეშფოთება, რადგან აშშ-ის გლობალური 25%-იანი ტარიფები ალუმინისა და ფოლადისაგან პირდაპირ გავლენას ახდენს ბრაზილიის ექსპორტზე.