ტრამპი: უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში „კარტები“ რუსეთს უჭირავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთს აქვს უპირატესობა უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რადგან კრემლს კიევის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს ოკუპირებული,- ამის შესახებ “პოლიტიკო” წერს.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მას სჯერა, რომ მოსკოვს სურს ომის დასრულება, რომელიც რუსეთმა დაიწყო.
„ვფიქრობ, რუსებს ომის დასრულება სურთ. ვფიქრობ, რომ მათ ხელში კოზირები უკავიათ, ვინაიდან დიდი ტერიტორია დაიპყრეს“, – თქვა ტრამპმა.
როგორც “ბიბისი” წერს, ტრამპი გაბრაზდა მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ რეაგირება მოახდინა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე საუდის არაბეთში, რომლიდანაც კიევი გამოირიცხა და თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი “ცხოვრობს დეზინფორმაციულ სივრცეში”, რომელსაც მართავს მოსკოვი.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ტრამპის პოსტი პირდაპირი პასუხი იყო ზელენსკის “დეზინფორმაციის” კომენტარებზე.