“ჰამასმა” ისრაელს 4 დაღუპული მძევლის ცხედარი გადასცა

“ჰამასმა” ისრაელს გადასცა ღაზაში მყოფი ოთხი ისრაელელი მძევლის ცხედარი – დაჯგუფებამ პირველად გაათავისუფლა გარდაცვლილი ტყვეები 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ,- ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.

გარდაცვლილ მძევლებს შორისაა 2 მცირეწლოვანი ბიჭი, რომლებზეც დიდი ხანია, ვარაუდობდნენ, რომ ტერორისტების ტყვეობაში დაიღუპნენ. 4 გარდაცვლილ ისრაელელ მძევალს შორისაა მათი დედა, 32 წლის ქალი, შირი ბიბასი და 84 წლის მამაკაცი, ოდედ ლიფშიცი. ყველა მათგანი ტერორისტებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმის დროს გაიტაცეს.

დაჯგუფება “ჰამასმა” ოთხი შავი ყუთი სპეციალურად მოწყობილ სცენაზე დაასვენა. სცენაზე აღმართულ ბანერზე დაღუპული მძევლების სურათებთან ერთად ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსახულება იყო დატანილი. ბანერი ნეთანიაჰუს გამოსახავდა, როგორც ვამპირს. ტერორისტების მტკიცებით, მძევლები ღაზაზე ისრაელის ერთ-ერთი იერიშის შედეგად დაიღუპნენ.

ყუთები ჯერ წითელ ჯვარს გადაეცა, შემდეგ კი ისრაელის სამხედროებს გადასცეს, რომლებმაც ისინი ისრაელში მიიტანეს. ცხედრები სასამართლო ექსპერტიზის ჩასატარებლად თელ-ავივის აბუ კაბირის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში გადაიყვანეს.

გადაცემის შემდეგ, ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა მთავრობის სახელით პატიება სთხოვა 7 ოქტომბერს დატყვევებულ ადამიანებს.

“ჩვენი გულები – მთელი ერის გული – დამსხვრეულია. ისრაელის სახელმწიფოს სახელით, გიხრით თავს და გთხოვთ პატიებას. პატიებას, რომ ვერ დაგიცავით იმ საშინელ დღეს. პატიებას, რომ ვერ დაგაბრუნეთ შინ უსაფრთხოდ”. – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები