“ჩვენთვის ევროპული ბიუროკრატიის მიერ მოწყობილი ეს დევნა არ წარმოადგენს ნამდვილ ევროპას, რომელიც ჩემს თვალში ნიშნავს განსხვავებულ მოსაზრებებსა და ფაქტების გადამოწმებას” – ყაველაშვილი

“ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შეიცვლება ამერიკის ადმინისტრაციის უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ მისი [ტრამპის] მოსვლა გავლენას მოახდენს ევროკავშირის ურთიერთობებზე საქართველოსთან მიმართებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ერთ-ერთ ფრანგულ მედიასაშუალებასთან ისაუბრა.

ყაველაშვილის თქმით, მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს.

“სასაცილოა ზოგიერთი ლიბერალური ლიდერის ქცევა, რომლებიც ახლა ტრამპის სულისკვეთებას ერგებიან… ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და შეგახსენებთ, რომ ეს ზეწოლა საქართველოზე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. ქართველმა ხალხმა თავისი დიდი გონიერებით მხარი დაგვიჭირა იმ გზაზე, რომელიც ავირჩიეთ მშვიდობის დასაცავად. დღეს ჩვენი პოზიცია ნათელია: ეს ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს.

ომის დაწყების პირველივე დღიდან საქართველოზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ჩვენ მოგვიწოდებდნენ, შევერთებულიყავით სანქციებს, გაგვეგზავნა მოხალისეები და დაგვეჭირა მხარი ომისთვის, მაშინ, როცა არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრები არ ვართ. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჩვენ მარტო გვტოვებდნენ ბირთვული ძალის წინაშე, დაპირებებით: „მიდით, ჩვენ იარაღს მოგაწვდით…”.

მე მჯერა ევროპული ღირებულებების და არა ბრიუსელის ბიუროკრატების. გავბედავ იმის თქმას, რომ საქართველო ევროპული ქვეყნებისათვის სუვერენიტეტის მაგალითი შეიძლება გახდეს. სწორედ ამგვარად ემთხვევა დონალდ ტრამპის შეხედულებები მოქმედი მთავრობის პოზიციებს. ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ასე შემდეგ. ჩვენთვის ევროპული ბიუროკრატიის მიერ მოწყობილი ეს დევნა არ წარმოადგენს ნამდვილ ევროპას, რომელიც ჩემს თვალში ნიშნავს განსხვავებულ მოსაზრებებსა და ფაქტების გადამოწმებას. ეს სრულიად საპირისპიროა იმ გადაწყვეტილების, რომლის მიხედვითაც აკრძალეს ევროპაში შესვლა ქართული დიპლომატიური პასპორტებით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები