სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მზია ამაღლობელის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ
„საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 6 თებერვლის N21 ბრძანებით შეიქმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი ბრალდებულ მზია ამაღლობელისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით“ – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი განმარტავს, რომ საკვებს არ იღებს 2025 წლის 12 იანვრიდან (დაკავების შემდეგ). პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანის მომენტიდან (14 იანვარი) საკვებს კვლავ არ იღებდა. ოფიციალურად სრული შიმშილობა გამოცხადებული აქვს 2025 წლის 21 იანვრიდან. თავდაპირველად იგი მოთავსებულ იქნა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 2025 წლის 4 თებერვალს, კვლევებისა და მკურნალობის მიზნით – კლინიკა „ვივამედში“.
„ექიმთა ჯგუფის ორმა წევრმა, კერძოდ, გიორგი გვილიამ (გასტროენტეროლოგი, კარდიოლოგი, შინაგანი სნეულებები) და ელენე გიორგაძემ (ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია) მზია ამაღლობელი კლინიკა “ვივამედში” 2025 წლის 7 თებერვალს მოინახულეს, ხოლო ექიმმა გიორგი ჯავრიშვილმა (ოფთალმოლოგი) პაციენტი 12 თებერვალს ინახულა.
ექიმები ესაუბრნენ მზია ამაღლობელს, კლინიკისა და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალს, გაეცნენ პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციას.
გიორგი გვილიასა და ელენე გიორგაძის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები:
კლინიკაში ყოფნის პერიოდში, 7 თებერვლის ჩათვლით, პაციენტს ჩაუტარდა ყველა ბაზისური სამედიცინო კვლევა და მისი მდგომარეობისა და გამოკვლევების შედეგების მიხედვით პრაქტიკულად სრულყოფილი სამედიცინო ჩარევა. ამ მხრივ, კლინიკის სამედიცინო პერსონალთან სამედიცინო კონსილიუმის წევრებს პრეტენზია და სერიოზული შენიშვნები არ გვაქვს.
შეიძლება ითქვას, რომ შიმშილობის 27-ე დღეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სამედიცინო თვალსაზრისით ისეთი უკიდურესად მძიმე არ იყო, როგორიც ეს შესაძლებელია ყოფილიყო შიმშილობის ამ ვადაზე. 2025 წლის 7 თებერვლისთვის სხეულის მასის კლება არ აჭარბებდა საწყისი მასის 10%–ს. არ იყო შიმშილობის ე.წ. კეტოზის სტადია. ანალიზებით არ აღენიშნებოდა მძიმე ანემია და რკინის მძიმე დეფიციტი. არ იყო აციდოზის ლაბორატორიული მონაცემები. არ აღენიშნებოდა გლომერულური ფილტრაციის დაქვეითება, ნორმაში იყო კრეატინინის და შარდმჟავას დონე. შრატის ცილა და ალბუმინი იყო ნორმის ქვედა ზღვართან, ასევე, არსებითად დარღვეული არ იყო გლიკემიური პროფილი, არ აღენიშნებოდა ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილება. ექოკარდიოსკოპული მონაცემები იყო ნორმის ფარგლებში (ჯერჯერობით არ აღენიშნებოდა მძიმე შიმშილობისთვის სახასიათო გულის ზომების შემცირება). საყურადღებო იყო ბრადიკარდიისკენ მიდრეკილება, გულის რიტმი სინუსური, ბრადიკარდიის ზღვარი, 60 დარტყმა წთ–ში. პაციენტს არ ჰქონდა ჰიპოთერმია, არ უჩიოდა ქოშინს მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის და ლაპარაკის დროს (საყურადღებო იყო მხოლოდ ზოგადი სისუსტე და შენელებული, მაგრამ სრულიად ადეკვატური მეტყველება). არ აღნიშნავდა მხედველობის, სმენის და ყნოსვის დაქვეითებას. სითხეს (წყალი) იღებდა ადეკვატურად, პერორულად. წყლის ყლაპვის დროს არ აღნიშნავდა მძიმე ეზოფაგიტისთვის სახასიათო ტკივილის შეგრძნებას საყლაპავის გასწვრივ, მიუხედავად იმისა, რომ ეზოფაგოგასტროდუოდენოფიბროსკოპიით დადგენილი ჰქონდა რეფლუქს–ეზოფაგიტის დიაგნოზი LA-C ვარიანტი (დიდი ზომის შერწყმისკენ მიდრეკილი ღრმა ეროზიები საყლაპავის დისტალურ ნაწილში).
2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტის ენერგეტიკული ბალანსი ნარჩუნდებოდა გლუკოზის ხსნარის ინფუზიით, ელექტროლიტური ბალანსი შენარჩუნებული იყო ელექტროლიტების სისტემატური ინფუზიით. ანემიას მკურნალობდნენ რკინის და B ჯგუფის ვიტამინების ინფუზიით ( B1; B2; B6 და B12). არ იყო გამოხატული რკინის და B12 ვიტამინის მძიმე დეფიციტი, მძიმე ანემია. B1 ვიტამინი ეძლეოდა ვერნიკეს შესაძლო ენცეფალოპათიის პროფილაქტიკისთვის (2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტს ამ სინდრომის სიმპტომები არ აღენიშნებოდა).
კიდურების მოძრაობა თავისუფალი, პალატაში გადაადგილდებოდა თავისით, დახმარების გარეშე, თუმცა, მოძრაობდა ნელა. არ უჩიოდა მუცლის ტკივილს, არ ჰქონდა გამოხატული გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომატიკა (ამისთვის დანიშნული ჰქონდა PPI და ანტაციდი).
2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებო. ასეთ დროს დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი, კერძოდ, შესაძლებელია შიმშილობის მეორე – კეტოზის და მესამე – ცილების შეუქცევადი კატაბოლიზმის ფაზის სწრაფი დადგომა. ამ დროს ძალიან მალე შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე. ეს ყველაფერი დეტალურად ავუხსენით პაციენტს, ვურჩიეთ შეეწყვიტა შიმშილობა და დაეწყო კვება სპეციალური გაიდლაინის მიხედვით, ან თუ არ შეწყვეტდა შიმშილობას (რაც იყო კიდეც მისი გადაწყვეტილება), დაკვირვება და მკურნალობა გაგრძელებულიყო კლინიკის პირობებში.
გიორგი ჯავრიშვილის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები:
პაციენტს კლინიკა „ვივამედში“ ჩაუტარდა ოფთალმოლოგიური დიაგნოსტიკა. დადგინდა დიაგნოზი: ორივე თვალის III ხარისხის კერატოკონუსი.
რამდენიმე წლის წინ მარცხენა თვალი ნაოპერაციებია კერატოკონუსის გამო – გაკეთდა რკალების იმპლანტაცია.
ამჟამად, პაციენტი აღნიშნავს მხედველობის დისკომფორტს და თვალების სიმშრალეს, რაც შეესაბამება შიმშილობის ფონზე ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას.
მიმდინარეობს მშრალი თვალის სინდრომის კონსერვატიული მკურნალობა.
სავსებით ვეთანხმები ჩემს კოლეგებს დიაგნოზსა და მედიკამენტოზური მკურნალობის ტაქტიკაში.
სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები:
გიორგი გვილია
ელენე გიორგაძე
გიორგი ჯავრიშვილი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.