“ჩვენ გპირდებით ყველა იმ მსხვერპლს, რომლისთვისაც ურთულესია იმ განვლილის გახსენება, პროცედურულად ისე იქნება კომისია მოწყობილი, რომ თქვენ მაქსიმალურად თავიდან აგაცილებთ მეორად ვიქტიმიზაციას”, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, რეგლამენტი იძლევა საშუალებას, დაზარალებულისა და მსხვერპლი სურვილის შემთხვევაში, კომისიის სხდომა დაიხუროს.
„მინდა, მივმართო მსხვერპლებს – ჩვენ გვაქვს მექანიზმი, რეგლამენტი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ სხდომა, როგორც ახლა ლაივში გადაიცემა და ტელევიზიები აშუქებენ, თუ საჭირო ჩავთვლით, დაზარალებული ან მსხვერპლი, რომელიც ჯერ დაზარალებულად არ ყოფილა ცნობილი, მოგვმართავს, მისი თხოვნით სხდომა დავხუროთ. სხდომა რომ დაიხურება, იმ დახურული სხდომის პირობებში შექმნილი მასალებში ჩვენ გვექნება უფლება, რომ გვარი და სახელი დაიშტრიხოს და ისტორიას გვარი და სახელი კი არ შემორჩეს, არამედ ფაქტი, ამბავი, რომელიც არ უნდა დაიკარგოს.
ჩვენ ასევე, გპირდებით ყველა იმ მსხვერპლს, რომლისთვისაც ურთულესია იმ განვლილის გახსენება, პროცედურულად ისე იქნება კომისია მოწყობილი, რომ თქვენ მაქსიმალურად თავიდან აგაცილებთ მეორად ვიქტიმიზაციას, რომელსაც მსხვერპლი განიცდის, როდესაც თავიდან ჰყვება იმ ამბავს, რაც მას შეემთხვა და შევქმნით შესაბამის პირობებს, რომ თქვენ მაქსიმალურად თქვენი ღირსების შესაბამის პირობებში შეძლოთ ჩვენთან მობრძანება და მოსმენის გავლა“, – განაცხადა წულუკიანმა.