რატი იონათამიშვილი – არ შეიძლება, ევროპარლამენტი ისეთ რეზოლუციებს იღებდეს, რომელიც თავად ევროპარლამენტს უთხრის ძირს

„არ შეიძლება, ევროპარლამენტი ისეთ რეზოლუციებს იღებდეს, რომელიც თავად ევროპარლამენტს ძირს უთხრის, როგორც დემოკრატიულ ინსტიტუტს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, „არაერთი რეზოლუცია ვნახეთ, რომელსაც მართლაც ჩალის ფასი ჰქონდა“.

„ისინი თუ ამ პრაქტიკას აგრძელებენ, მით უარესი იქნება მათთვის. ფაქტია, ვინც ევროპარლამენტშია მოკალათებული, ასეთი რეზოლუციების მხარდაჭერით, სტრასბურგის სასამართლოს, ასევე სამართლიანობის პრინციპს ღალატობენ და შეურაცხყოფას აყენებენ, რადგან თავიანთი გადაწყვეტილებებით „ნაციონალურ მოძრაობას“, ანუ კრიმინალურ სინდიკატს უჭერენ მხარს და ამით ისინი თანამზრახველები ხდებიან იმ დანაშაულების, რაც „ნაცმოძრაობას“ კაცობრიობის წინაშე აქვს ჩადენილი.

რაც შეეხება სანქციებს, ვხედავთ, რომ სანქციების არანაირი რესურსი არ აქვთ. რომ ჰქონოდათ, სანქციებს აქამდეც მიიღებდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მხრივ, გადაწყვეტილების მიღებაში უუნაროები არიან და ეს იმ კრიზისზე მეტყველებს, რაც ამ სტრუქტურებშია. ეს ყველაფერი უკან ბუმერანგივით უბრუნდება, რადგან მათ პრობლემები საკუთარ ქვეყნებში აქვთ, მათ შორის საკუთარ ამომრჩეველთან. ეს ზუსტად იმის დამსახურებაა, რომ ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებებით, საბოლოო ჯამში, ცხადი ხდება, რომ ისინი არც საკუთარი მოქალაქეების სამსახურში არიან, არც სამართლიანობის პრინციპის, არამედ რაღაც შავბნელ გეგმებს თხზავენ და ამის განხორციელება უნდათ. ვინც ასე შეურაცხყოფს დემოკრატიას, სამართლიანობას, ის მძიმედ ამთავრებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები