მარკო რუბიო: აშშ-მა საგარეო დახმარების გაცემა პრიორიტეტების გადახედვის მიზნით შეაჩერა
ამერიკა საგარეო დახმარების გაცემაზე უარს არ ამბობს, თუმცა ეს პროცესი ეროვნული ინტერესების შესაბამისად რეორგანიზებას საჭიროებს,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
რუბიომ დროებით, განსახილველად შეაჩერა აშშ-ის ყველა საგარეო დახმარება, რომელიც დაფინანსებულია სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ან მისი მეშვეობით.
„ვთვლი, რომ სწორი საგარეო დახმარება ქვეყნისთვის სარგებლის მომტანია, ის აუცილებლად სწორი უნდა იყოს. საჭიროა განისაზღვროს ის პროექტები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს მხარს უჭერს და განისაზღვროს მათი დაფინანსების გაგრძელება. იმავდროულად, ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ისეთი პროექტებისგან, რომლებიც ფულის ტყუილი ხარჯვაა და ხანდახან ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება. ვამაყობ, რომ ვიცავთ ამერიკის ინვესტიციებს მიზანმიმართული და გონივრული მიმოხილვით, თუ როგორ ვხარჯავთ უცხოურ დახმარებას საზღვარგარეთ“, – აღნიშნა რუბიომ.
მისი განმარტებით, ახლა აშშ-მა საგარეო დახმარება მთლიანად შეაჩერა, რათა ყველა პროექტი გაანალიზდეს. ის პროექტები, რომელთა განხორციელებას აზრი არ აქვს, გაუქმებული იქნება, ხოლო ის, რასაც სარგებელი მოაქვს, შენარჩუნდება და გაძლიერდება კიდეც.