WIPO-სა და WTO-ს ერთობლივ სასწავლო კურსზე საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების ახალი საკანონმდებლო ჩარჩო წარმატებული რეფორმის მაგალითად განიხილეს
„ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) ერთობლივ საერთაშორისო სასწავლო კურსზე საქართველოში განხორციელებული რეფორმის მაგალითი განიხილეს“ – ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ კურსზე, WIPO-ს აკადემიის მიწვევით, მომხსენებლის სტატუსით წარსდგა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერი მაჭარაშვილი. მისი მოხსენების თემა იყო საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების საკანონმდებლო ჩარჩო, როგორც წარმატებით განხორციელებული რეფორმის თვალსაჩინო მაგალითი.
„მასწავლებლებისა და მკვლევრებისთვის განკუთვნილ WIPO-WTO-ს კოლოკვიუმში, რომელიც წელს მე-20 გამოშვებას აღნიშნავს, აკადემიურ პერსონალთან ერთად, მონაწილეობდნენ პედაგოგები 28 ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. კოლოკვიუმი შესაძლებლობას აძლევს ინტელექტუალური საკუთრების სპეციალისტებს, უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალსა და ინტელექტუალური საკუთრების სამართლისა და პოლიტიკის მკვლევრებს გაეცნონ სფეროში მიმდინარე პროცესებს, გაიღრმაონ ცოდნა, განიხილონ სწავლებისა და კვლევების უახლესი ტენდენციები და ჩაერთონ დისკუსიებში. კურსის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ პირადად ქართველი კოლეგისგან მოესმინათ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების საკანონმდებლო ჩარჩოს სპეციფიკის შესახებ და დეტალურად გასცნობოდნენ საქართველოში განხორციელებული რეფორმის წარმატების განმაპირობებელ ფაქტორებს.
აღნიშნულ კოლოკვიუმზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის წარმატება და მზარდი საერთაშორისო ინტერესი. 2023 წლიდან საქართველოს მიერ განხორციელებულმა საკანონმდებლო რეფორმამ კიდევ უფრო განამტკიცა ქვეყნის პოზიცია გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სფეროში და გაზარდა საერთაშორისო დაინტერესება გამოცდილების გაზიარების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებს წინ უძღოდა ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული ტვინინგის პროექტი – „გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტიანი დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა“.
სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადდა „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 21 სექტემბერს მიიღო. ახალი კანონის ამოქმედება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების სამართლებრივ ჩარჩოს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქტების უკეთ დაცვასა და საერთაშორისო აღიარებას.
საქპატენტი აქტიურად განაგრძობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას საერთაშორისო დონეზე. ამ მხრივ აღსანიშნავია 2017 წლიდან WIPO-ს აკადემიასთან ერთად განხორციელებული ყოველწლიური საერთაშორისო კურსი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ, რომელიც პროფესიულ წრეებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და საუკეთესო პრაქტიკის გავრცელება ხელს უწყობს უნიკალური ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე და ამ მიმართულებით საქართველოს წარმატებულ პოზიციონირებას.
2023 წლიდან, საქპატენტის ინიციატივით, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ფუნდამენტური საკანონმდებლო რეფორმები განხორციელდა. მათ შორის უნდა აღინიშნოს 2 ახალი კანონი – „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონი და „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთან, საქპატენტის მიერ შემუშავდა 8 ახალი კანონქვემდებარე აქტიც. გარდა ამისა, ცვლილება შევიდა 3 კანონში – „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს საპატენტო კანონში და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში და 3 კანონქვემდებარე აქტში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.