ბათუმში, სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა ქალს გაჩერებული გული სამჯერ აუმუშავა და სიკვდილს გადაარჩინა
ბათუმში, სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა ქალს გაჩერებული გული სამჯერ აუმუშავა და სიკვდილს გადაარჩინა. ინფორმაციას გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.
“ბათუმის №4412 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით “ტკივილი მუცლის არეში” მიიღო. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის ქალბატონი დახვდა, რომელსაც იმ მომენტისთვის ჩივილები აღარ აღენიშნებოდა.
პარამედიკოსმა დავით ჩახვაძემ ანამნეზის შეკრების პროცესში ეჭვი გულის პრობლემაზე მიიტანა, რაც კარდიოგრამაზე ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტით დადასტურდა.
პარამედიკოსმა დაუყოვნებლივ დაიწყო საჭირო პრეპარატების მიწოდება. პროცესში მოულოდნელად ქალბატონმა გონება დაკარგა, შეწყვიტა სუნთქვა, მაგისტრალურ არტერიაზე გაქრა პულსი. სამედიცინო ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, მონაცვლეობით ფიქსირდებოდა ასისტოლია და ფიბრილაცია. პარალელურად უტარდებოდა ადეკვატური ვენტილაცია ამბუს პარკით. ამ დროს წამოვიდა სინუსური რითმიც.
ბრიგადას წევრებმა სასწრაფოდ დაიწყეს პაციენტის გადაყვანა საკაცით. გადაყვანის პროცესში სადარბაზოში ისევ გაჩერდა გული, თავიდან დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, რის შედეგადაც მეორედ აღდგა გულის მუშაობა.
კლინიკაში გადაყვანის დროსაც იგივე განმეორდა, პარამედიკოსმა დავით ჩახვაძემ ამჯერადაც წარმატებით შეძლო გულის მუშაობის აღდგენა.
რეანიმაციული ღონისძიებები ჯამში 45 წუთამდე გაგრძელდა, პარამედიკოსს 7-ჯერ დასჭირდა ელექტროშოკის გამოყენება.
პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი, სადაც გონს მალევე მოვიდა. ნევროლოგიური დეფიციტი არ დაფიქსირდა. ჩაუტარდა ინტერვენციული მკურნალობა – კორონარული ანგიოპლასტიკა სტენტის იმპლანტაციით. ამჟამად პაციენტი გაწერილია ბინაზე და თავს კარგად გრძნობს.
#გვეამაყება
პარამედიკოსი დავით ჩახვაძე;
ექთანი ნანა ცინცაძე;
მძღოლი ირაკლი ტარიელაძე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.