თეიმურაზ წიქვაძე – ბაჩიაშვილის ადვოკატისთვის მიწერილ წერილზე: არავითარი კრიმინალური „სოჩიკები“ არავის არ აქვს ჩართული – ეს იყო შეთავაზება, რომელიც პირადად ჩემი ტელეფონიდან გადაეგზავნა ბაჩიაშვილის წარმომადგენელს
„ეს იყო ჩვეულებრივი მოლაპარაკება. ეს იყო მიმართული იმისკენ, რომ შესაძლო მორიგება მომხდარიყო მხარეებს შორის. არც ამ საქმეზე და არც სხვა საქმეებზე ასეთი რაღაცები გასაკვირი არ არის. მხარეებს შორის კომუნიკაცია ხდება. პირიქით კარგია”,- ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ იმ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მან გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატს მისწერა.
მისივე თქმით, პროცესი საჯაროა.
“ინიციატორი იყო, ამ შემთხვევაში წინა შეხვედრების რა თქმა უნდა ბრალდებული და მისი ადვოკატი და ვხვდებოდი. არც ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული და გასაკვირი. მათ ჰქონდათ გაჟღერებული პოზიცია, რომ რაღაც გარკვეულ პირობებზე თანახმა იყვნენ, ეს ჩვენი მხარისთვის მიუღებელი იყო და მერე ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი პოზიცია. არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის. არავითარი კრიმინალური „სოჩიკები“ არავის არ აქვს ჩართული. ეს იყო შეთავაზება, რომელიც პირადად ჩემი ტელეფონიდან გადაეგზავნა მის წარმომადგენელს „whatsapp“-ის მეშვეობით. შეთავაზება ერქვა ამას. ეჭვები გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა კიდევ ერთი პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა ,,მტკვარი ჰესს“ და აქედან გამომდინარე დაიბადა ეს ეჭვებიც. გამოვლინდა, რომ იმ ნაწილშიც ჩვენი ღრმა რწმენით ადგილი აქვს საკმაოდ დიდი თანხების გაფლანგვას და მითვისებას თუმცა ის საქმე ჩემთვის უცნობია რა ეტაპზეა და მიმდინარეობს გამოძიება. ამ ნაწილშიც მინდა განვმარტო, რომ ვერაფერს დეტალურს ვერ გეტყვით. მტკიცებულებების განხილვას ვერ მოვახდენ. პროცესი საჯაროა, მიმდინარეობს ჩაწერა“, – განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ.