ვლადიმერ ბოჟაძე გახარიაზე: ეს, რა თქმა უნდა, არ არის ვაჟკაცური და ბუნებრივი რეაქცია – ადამიანმა რაღაც გკითხოს და შენ ასე მოიქცე, არ არის კარგი

„უკანასკნელი კვირების განმავლობაში აქციები თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში იყო მშვიდობიანი. როგორც ჩანს ახლა ვიღაცას გარედან დამკვეთს, თუ შიგნიდან დამკვეთს დასჭირდა ამ პროცესის უფრო გააქტიურება, უფრო მეტი პოლარიზება, უფრო მეტი დაძაბულობა“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ, “დღის ქრონიკაში“ ბათუმში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა,

ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, ბათუმში მომხდარი ქმედებები აჩვენებს, რომ ოპოზიცია გასულია კანონის ჩარჩოდან.

„ჩვენ ვთქვით კიდევაც, რომ ყველაზე მძიმე შეიძლება 13-20 იანვრის კვირა ყოფილიყო იმიტომ, რომ 20 იანვარი იცით თქვენ ჩვენთვისაც, როგორც მმართველი პარტიისთვის არის თარიღი, როდესაც ახალი პრეზიდენტი შეუდგება უფლებამოსილებას და დაიწყება ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გადატვირთვა და მათთვის არის ასევე ბოლო თარიღი, რომ იქნება რაც შეიძლება ბევრი რამე გააფუჭონ ერთის მხრივ ამერიკის დამარცხებულმა ადმინისტრაციამ და მეორეს მხრივ შიდა ოპოზიციამ. ამიტომაც ყველა ის ქმედებები, რომლებიც ჩვენ იგივე ბათუმში მანამდე ვიხილეთ უკავშირდება სწორედ ამას, რომ ისინი გავიდნენ კანონიერი ჩარჩოდან. იგივე რაც მოხდა თბილისში მოსამართლეების კორპორაციულ წვეულებასთან დაკავშირებით და ა.შ.“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მისი თქმით, როგორც ჩანს დადგა დრო, როდესაც აქტიურ ეტაპზე უნდა გადასულიყვნენ გარკვეული ძალები. იგივე ბათუმში გახარიას და სხვა პოლიტიკოსების ვიზიტი ტემპერატურის აწევას, კიდევ უფრო მეტ დაპირისპირებას, პოლარიზებას ემსახურებოდა.

„ის კადრები, რომლებიც თქვენ გაავრცელეთ, იქ კარგად ჩანს, რომ დიტო სამხარაძე ერთადერთს ეკითხება მიცანი თუ არაო. შესახსენებლად ანუ გახარია ვინ იყო თავის დროზე, როგორ უღალატა საკუთარ პოლიტიკურ გუნდს და რას აკეთებს ახლა, ვგულისხმობ ღალატის პროცესს, არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრობიდან წასვლას მაშინ, როდესაც ყველაზე რთული მდგომარეობა იყო ქვეყანაში, არამედ შემდეგ უკვე ერთ არჩევნებზე, მეორე მეორე არჩევნებზე ჩვენ წინააღმდეგ განცხადებებს რომ აკეთებდა და ა.შ. პირველივე რეაქცია, რაც იყო იცით თქვენ, რომ პლასტმასის ჭიქა ფაქტობრივად ესროლა დიმიტრი სამხარაძეს. ესეც, რა თქმა უნდა, არ არის ვაჟკაცური და ბუნებრივი რეაქცია. ადამიანმა რაღაც გკითხოს და შენ ასე მოიქცე და მერე საპასუხო რეაქცია დიტოზე ყველამ ნახა და ყველამ ვიცით. რა თქმა უნდა, ეს კარგი არ არის. ჩვენ დილიდანვე გავაკეთეთ განცხადებები, რომ ძალადობა შობს ძალადობას. ყველამ დაინახა ვინ დაიწყო ძალადობა, ამიტომ ძალადობა უნდა დასრულდეს და დასრულდეს ყველას მხრიდან. არ შეიძლება ადამიანმა პოლიციელს ხელი დაარტყას, პოლიტიკოსს შეურაცხყოფა მიაყენოს, ლანძღვა-გინება, ის ბულინგი, რომელიც სოციალურ ქსელში ხდება და გვქონდეს იმის იმედი, რომ ადამიანებს რეაქცია არ ექნებათ“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

ბოჟაძემ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის. პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა დიალოგისთვის ოპოზიციასთან, რადგან დიალოგი არის ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან.

ბოჟაძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას განმეორებით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, არჩევნები ჩატარდება, ოღონდ 2028 წლის 28 ოქტომბერს.

„9 თვეზე ნაკლებია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილი, ეუთო მზად არის თანამშრომლობისთვის ისევე, როგორც ჩვენ. რატომ გადაიდო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი? იმიტომ, რომ იგივე ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტისგან განსხვავებით ოპოზიციამ უარი განაცხადა მათთან შეხვედრაზე, სამოქალაქო სექტორმა, აბა ჩვენ ხელისუფლება და ეუთო ისედაც ვთანამშრომლობთ და ვლაპარაკობთ და მზად ვართ ყველა რეკომენდაცია და შენიშვნა გავითვალისწინოთ. აგერ ჩავატაროთ 4 ოქტომბრის არჩევნები და ვნახოთ ვის რამდენი პროცენტი ექნება და შევადაროთ მერე 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან, რომ კიდევ ერთხელ დავინახოთ ვის რა განწყობა აქვს, ვის რა დამოკიდებულება აქვს, ამომრჩეველს ვგულისხმობ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ და ის, რომ ეს არჩევნები არ გაყალბდა ეს ხომ დადასტურებულია ეუთოს დასკვნით, პროკურატურის გადაწყვეტილებით, რატომ დგას ეს დღის წესრიგში?“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები