მარინა ლობჟანიძე: დღეს საქართველო იხდის ხარკს სწორედ თავისი ნეიტრალიტეტისთვის და პროქართული ორიენტაციისთვის
„საქართველო არაჩვეულებრივ ურთიერთობაში უნდა იყოს ყველასთან იმიტომ, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, შემოსაზღვრული ძალიან დიდი სახელმწიფოებით, რომელთაც ძალიან დიდი საკუთარი ინტერესები აქვთ“, – ამის შესახებ „საზოგადოება ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა, მარინა ლობჟანიძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
ლობჟანიძე ფიქრობს, რომ დღეს საქართველო იხდის ხარკს სწორედ თავისი ნეიტრალიტეტისთვის და თავისი პროქართული ორიენტაციისთვის.
„დღეს ვფიქრობდი სწორედ ამ მოვლენაზე და გამახსენდა 1990-ები. მოწმე ვარ, ბუნებრივია, ამ მტკივნეული მოვლენების და გავიფიქრე, რომ მაშინ სოციალური ქსელები, რომ ყოფილიყო ალბათ დღეს საქართველო საერთოდ არ იარსებებდა. ჩვენ ძალიან არტისტული ერი ვართ, ძალიან ემოციური ერი ვართ და დიდი ხანია უკვე გადავაბიჯეთ იმას, როდესაც პროტესტის ყველაზე უკიდურესი ფორმა შიმშილობა იყო. მე მახსოვს შიმშილობის ფორმები, ჩემი ცხოვრების გზაზე ბევრჯერ იყო ეს გამოყენებული და იყო საკმაოდ ქმედითი. დღეს პროტესტის ფორმა, მიუღებლობა პირადად ჩემთვის ყოველგვარ საზღვარს გასცდა და არა მარტო ჩემთვის. იცით რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ დავკარგეთ ყველაზე მთავარი. ჩვენ დავკარგეთ ერთმანეთის პატივისცემა, ჩვენ დავკარგეთ ასაკის პატივისცემა, სტუდენტმა ლექტორის, მოსწავლემ მასწავლებლის, მეზობელმა მეზობლის, ნათესავმა ნათესავის და ა.შ. და რაც მთავარია, ყველა ამ პროტესტის ფორმაში, რაც მე ყველაზე ძალიან მაწუხებს არის ის, რომ პირველ რიგში უტევენ ხოლმე ყველაფერს ძალიან ქართულს. მე პოლიტიკოსი არ ვარ, ბევრჯერ მითქვამს ეს ჩემს გამოსვლებში, მე მუსიკოსი ვარ, ჰუმანიტარი ვარ და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ცოტა სხვანაირად ვაფასებ ხოლმე ამ ყველაფერს და ძალიან გული დამეწვა, როდესაც დღეს ჩემმა მეგობარმა დამირეკა გერმანიიდან, ისიც მუსიკოსია და მითხრა, რომ ძალიან განვიცადეო, როდესაც ჩემი მოწაფის შვილმა მითხრაო, ნუთუ ასეთი ხალხი ხართ ქართველები, რომლებიც ყველაფერზე მიდიხართ და მე დამჭირდა რაღაც დრო, რომ მეთქვა, რომ ქართველები სულ სხვანაირები ვართო“, – განაცხადა ლობჟანიძემ.
მისი თქმით, განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო ძალიან ბევრი უახლოესი ადამიანი დაშორდა ერთმანეთს. შეტევა იყო ერეკლე მეფეზე, აკაკი წერეთელზე, დავით აღმაშენებელზე, ქართულ ღვინოსა და სამზარეულოზე.
„აზრი ყოველთვის უნდა იყოს განსხვავებული, მაგრამ როდესაც შენ გაქვს სხვისგან განსხვავებული აზრი, მეორე მხარე იმ წუთშივე გადმომდის შეურაცხყოფაზე, სამწუხაროდ. ხომ შეიძლება იყოს არგუმენტირებული კამათი. მე, როგორც პედაგოგს, როგორც ლექტორს, ბუნებრივია, ძალიან ბევრი მყავს მოწაფეც და სტუდენტიც და, სამწუხაროდ, უმცირესობა იყო, რომელმაც ძალიან დიდი შეტევა განახორციელა ჩემზე და რაც ყველაზე მტკივნეული იყო ის ბავშვებიც, რომელთა წერილებიც მე ახლაც შენახული მაქვს წერდნენ, რომ მხოლოდ ერთ სიმღერას გვასწავლიდა ერთი წელიო. ამ დროს მათი შემაჯამებლებიც შენახული მაქვს და მათი ინტერვიუებიც ჩაწერილი. ცუდი შედარებაა, მაგრამ ქრისტესთანაც თორმეტი მოწაფე იყო და ერთმა უღალატა და თერთმეტი განუდგა. არა უშავს ესეც გავა, გავა დრო და იქნებ მიხვდნენ, რომ შეეშალათ იმიტომ, რომ არგუმენტირებულ კამათსაც, დიალოგსაც არასდროს არ აქვს ალტერნატივა“, – აღნიშნა ლობჟანიძემ.
ლობჟანიძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე თვეში, როდესაც, სავარაუდოდ, ჩაწყნარდება მსოფლიო პოლიტიკური პროცესები, ყველა ერთი მხარეც და მეორე მხარეც დაინახავს, რომ საქართველო სწორ კურსს ადგას.
„არ შეიძლება მთავრობა თორმეტი წელი იყოს მთავრობაში და უცბად წელს აღმოჩნდა, რომ გადაუხვია კურსს და რუსეთის მონა გახდა. ეს ხომ არ იყო ასე. ჩვენ ხომ ვიცით ეს ყველაფერი და კონსტიტუციაში წერია ეს ყველაფერი“, – განაცხადა ლობჟანიძემ.
მან ასევე ისაუბრა ბულინგზე, რომელიც ხელოვანთა და მეცნიერთა მიმართ განხორციელდა – ლევან გიგინეიშვილის, სვიმონ ჯანგულაშვილის და სხვა მრავალი ადამიანის მიმართ.
„ასეთ ადამიანებს აუცილებლად უტევენ ყველაზე მტკივნეულში, ყველაზე სანუკვარში, იმ სიყვარულში, იმ დროში და იმ ცოდნაში, რაც მათ ასე უხვად გასცეს. ეს არის ძალიან დიდი მსხვერპლი, როდესაც შენ მთელს შენს სიყვარულს, ცოდნას, ყოველგვარი ლიმიტის გარეშე ახმარ ახალგაზრდობას. მე მაინც მგონია, რომ, საბედნიეროდ, არიან ისეთები, რომლებიც დაფიქრდებიან და მიხვდებიან, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც მიუხედავად მისი მრავალხმიანობისა, ისევ მუსიკას ვუბრუნდები, ყოველთვის ჰარმონიაში და ერთ ხმაში მთავრდებოდა ის ბოლო აკორდი“, – აღნიშნა ლობჟანიძემ.