თბილისში გამართული „ერთობის ჯაჭვის“ მონაწილეების ნაწილმა პარლამენტთან გადაინაცვლა
თბილისში გამართული „ერთობის ჯაჭვის“ მონაწილეების ნაწილმა პარლამენტთან გადაინაცვლა. პარლამენტთან მსვლელობით მიდიან დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან „ერთობის ჯაჭვის“ დანარჩენი მონაწილეებიც. „ცოცხალ ჯაჭვში“ იდგა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
პროტესტის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შეკრული საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.