კირცხალია – ოპოზიციური პარტიების მიერ დაფინანსების მიღებაზე: ფარდა აეხადა იმ ცრუ თეორიასა და ცრუ აღქმას, რომელსაც თავიანთ ამომრჩეველს აჯერებდნენ
“ერთი დანაყოფის უარის თქმა, დანარჩენის დათანხმება და შიგნით რა უთანხმოება აქვთ, გულწრფელად რომ გითხრათ, ნაკლებად გვაინტერესებს იმიტომ, რომ არაერთი უთანხმოება და ძიძგილაობა გვინახავს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების მიერ დაფინანსების მიღებას გამოეხმაურა.
“აქ არის სხვა მთავარი თემა, ის ყბადაღებული ლეგიტიმაციის თემა, რომელიც იყო დაკვეთილი მათივე პატრონებისგან და ფარდა აეხადა რეალურად იმას, რასაც ამდენი ხანი ვამხელდით, იმ ცრუ თეორიას და ცრუ აღქმას, რასაც აჯერებდნენ თავიანთ ამომრჩეველს და უნდოდათ დაეჯერებინათ ქვეყნისთვის რომ არჩევნები გაყალბდა. ამ ყველაფრით [ამ თემას] წერტილი დაესვა,” – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, ცესკოს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.