როგორი იქნება პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია – დეტალებზე რეჟისორი საუბრობს
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის სცენარის დეტალებზე ღონისძიების რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე საუბრობს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ამ პატარა სივრცეში წარმოდგენილი იყოს ჯარი, ძალოვანი სტრუქტურები, არჩეული პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც იხმობს მას სცენაზე. რა თქმა უნდა, გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი, ფიცის დადების გარდა ეს ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. ჰიმნს შეასრულებს სამების საკათედრო ტაძრის გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით და ანსამბლი „მართვე“, – განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ ” ქრონიკასთან” საუბრისას.
კითხვაზე, სცენარის მიხედვით შევა თუ არა ახლად არჩეული პრეზიდენტი დარბაზში იმ კარიდან, რომლიდანაც დარბაზისკენ კიბე ეშვება, რეჟისორმა უპასუხა: „რაღაცებს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ და პრეზიდენტის დაღმასვლა არ მაქვს გეგმაში, მინდა, რომ იყოს მხოლოდ აღმასვლა”.
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.
ღონისძიების მოსამზადებელ სამუშაოებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეცნო.