შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობენ, საქართველოს ქარავანი კი წინ მიდის  

“არ ვიცი საზოგადოებას ექნება თუ არა შესაძლებლობა პირველად ნახოს ჩვენს ისტორიაში რეალიზებული ხატოვანი გამოთქმა, რომ ვიღაცა სკამს ჩაებღაუჭა. თუ ვნახავთ პირდაპირი გაგებით იმას, რომ ქალბატონი სალომე ჩაებღაუჭება თავის სავარძელს, ამას გარდა დაცინვისა, ქართული საზოგადოებისგან არაფერი არ მოჰყვება”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, ყველა ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს წინ რადიკალები და ექსტრემისტები ვერ დაუდგებიან.

„სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობენ, საქართველოს ქარავანი კი მიდის წინ. საკუთარი თავის გართობისთვის თუ უნდათ რომ დააკავონ, ეს მათი ნებაა, მაგრამ ამას რაიმე რელევანტურობა ქართული საზოგადოებისთვის არ აქვს. ეს არის ნაწილი ექსტრემიზმის შემოტანისა ქართულ საზოგადოებაში, რასაც ჩვენ ჭარბად ვხედავთ. ეს არის მართული პროცესი გარედან, ვნახეთ პარლამენტის წინ მდგომი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ოპოზიციას მოუწოდებდნენ, რომ მაიდანის სცენარზე გადართულიყვნენ. შეგახსენებთ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც მაშინ არ მოეწონა მშვიდი ვითარება რომ იყო და პირდაპირ შეგვახსენა, რომ მაიდანის სცენარის გათამაშება იქნებოდა კარგი და ვნახეთ შემდეგ როგორ გადაეწყვნენ მაიდანის სცენარზე, როგორ დაასაწყობეს მაშხალები, ჩამოასხეს მოლოტოვის კოქტეილი და როგორ ძალადობდნენ პოლიციელებზე და თავს ესხმოდნენ პარლამენტის შენობას. ასე რომ ეს არის ნაწილი იმ შეუმდგარი მაიდნისა, რომელსაც დიდი ხანია ცდილობდნენ რომ საქართველოში განეხორციელებინათ, მაგრამ ამ ყველაფერში ვერ ითვალისწინებენ საქართველოს საზოგადოებას და მის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ და მის დამოკიდებულებას იმ ხალხის მიმართ, ვინც ცდილობს ჩვენი ქვეყანა არიონ. ამიტომ ყოველ ჯერზე მარცხდებოდნენ ჩვენი შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები ქართულ საზოგადოებასთან და ამ ჯერზეც ისინი მარცხდებიან. ეს უკვე სასაცილო თემად არის ქცეული; არ ვიცი საზოგადოებას ექნება თუ არა შესაძლებლობა პირველად ნახონ ჩვენს ისტორიაში რეალიზებული ხატოვანი გამოთქმა, რომ ვიღაცა სკამს ჩაებღაუჭა. თუ ვნახავთ პირდაპირი გაგებით იმას, რომ ქალბატონი სალომე ჩაებღაუჭება თავის სავარძელს, ამას გარდა დაცინვისა, ქართული საზოგადოებისგან არაფერი არ მოჰყვება, მაგრამ არ მგონია ამ ნაბიჯზე წავიდეს ქალბატონი სალომე. ყველა ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს წინ რადიკალები და ექსტრემისტები ვერ დაუდგებიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები