მამუკა მდინარაძე – ნანა დიხამინჯიასთან ინციდენტზე: ერთადერთი, რაც მანერვიულებს, ადამიანებს შორის უსიყვარულობა, გაუცხოებაა, რაც ამ ლიბერალურმა ფაშიზმმა, ამ დამოკიდებულებამ მოიტანა, მართლა სახეს კარგავენ ადამიანები
ერთადერთი, რაც მანერვიულებს, ადამიანებს შორის უსიყვარულობა, გაუცხოებაა, რაც ამ ლიბერალურმა ფაშიზმმა, ამ დამოკიდებულებამ მოიტანა. მართლა სახეს კარგავენ ადამიანები. წარმოუდგენელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ის ოპოზიციონერი აქტივისტის, ნანა დიხამინჯიასთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, დიხამინჯია მისი მეზობელია და ის არაადეკვატური შინაარსის მოწოდებებით და პოსტებით გამოირჩევა.
„ჩემი მეზობელი იყო, ვიცოდი, მეუბნებოდნენ რაღაც პოსტებს წერს, მისამართს წერდა ჩემსას, აქ ცხოვრობს, რაღაცებს იგონებდა, დაცვით დადისო. დღეს ხომ აღმოაჩინა, რომ არც დაცვით დავდივარ, მარტო გადავადგილდები. ჩემს ცხოვრებაში დაცვა არასდროს მყოლია. მაგრამ ყველაზე ცუდი იცით რა არის ამ ამბავში, ის არაფერია, რაღაც იკივლა, რასაც ის ლაპარაკობდა ახალი გაიგეთ რამე? „რუსო“, „ჩელიაბინსკი“… რაღაც სისულელეებს ამბობდა. გასაგებია, ეს დაზეპირებულია და ეს უნდა იძახონ. ამ ქალზე მეუბნებიან 6 თვე საქართველოში საერთოდ არ არის ხოლმე, ანუ ნომრიანი აგენტია ასე გამოვიდა. მე ვეუბნებოდი, შეიძლება თქვენ გჯერათ რაღაცების, მაგრამ შეცდომაში ხართ შეყვანილი. და თურმე შეცდომაში კი არა, ლგბტ პროპაგანდისტია და ამერიკაში დიასპორაში ცდილობდა ხალხის გაგიჟებას.
რა ფაშიზმია, რა ბოლშევიზმია? სახლში მივუვარდეთ… რა სახლში უნდა მომივარდე, ჩემი ორი პატარა შვილი ცხოვრობს იქ. ბოლოს ვერ დაალაგეს ან ვერ დააორგანიზეს და ეს ქალი დამხვდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უმრავლესობის ლიდერის თქმით, მისი მეზობელია გუბაზ სანიკიძის ოჯახიც, თუმცა მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, მათ არასდროს უკადრიათ მსგავსი რამ.