პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდი არ აპირებს საკუთარი ამომრჩევლის ხმები ვინმეს დაუთმოს.
შალვა პაპუაშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირებს მოუწოდებს, თვალი არ აარიდონ საქართველოს 1 120 000 მოქალაქის გადაწყვეტილებას.
„არ დაგვავიწყდეს, რომ 26 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები, რომელშიც 2 მილიონზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 120 000-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ და ამით მისცა ქვეყნის მართვის მანდატი. არ დაგვავიწყდეს ეს და ყოველ ჯერზე, როდესაც ეს ადამიანები ისაუბრებენ იმაზე, თუ რა პოლიტიკური გეგმები აქვთ სახელმწიფოსთან მიმართებით, არ დაავიწყდეთ თითოეული ეს ამომრჩეველი. მათ შორის, ოპოზიციური ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა თავის რჩეულ პარტიებს, იმისთვის, რომ მათ პარლამენტში წარმოადგინონ ისინი. ასე, რომ ნურავინ ნუ ეცდება თვალი აარიდოს მილიონ ასოცი ათასს საქართველოს მოქალაქეს.
არც ჩვენ, „ქართული ოცნება“, როგორც პარტია და არც ჩვენი ამომრჩეველი არ აპირებს, რომ ამომრჩევლების ხმები ვინმეს დაუთმოს. ამაზე უნდა იფიქროს ყველამ, ვინც კი ახლა რაღაც აბსურდულ გეგმებს აწესებს.
რაც შეეხება ქალბატონ სალომეს პოზიციას, რომელიც ახალი არ არის. გარკვეული ხნით ადრე, მე მას ვუწოდე, რომ სახელმწიფოს მიმართ ლუი XIV-ის მიდგომა აქვს. ფაქტობრივად ამას ამბობს, რომ სახელმწიფო არის თავად, თავისი ატრიბუტიკით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში.