ირაკლი რუხაძე: წავიკითხე „ოდირის“ დოკუმენტი, ზეპირად ვისწავლე უკვე, არაფერი წერია გაყალბებაზე
მე წავიკითხე „ოდირის“ დოკუმენტი, რომელიც ზეპირად ვისწავლე უკვე და იქ არაფერი წერია გაყალბებაზე, – ამის შესახებ „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ოდირი“ ამბობს 25 ათასი დამკვირვებელი გვყავდაო და არაფერი წერია იმაზე, რომ ვიღაცა ვიღაცის ID-ბარათს იყენებდა.
„მე მინდა ყველას გავახსენო, რომ ჩვენმა ოპოზიციამ ის კი არ თქვა, რომ მე წავაგე იმიტომ, რომ ვიღაცა მოისყიდეს, ვიღაცა დააშინეს, რუსეთი ერეოდა, ჩვენმა ოპოზიციამ თქვა, რომ მე მოვიგე, გამოვიდა და მე მოვიგე თქვა. აღარ მახსოვს ციფრები, მაგრამ ის ციფრები, რომლებიც დადო ორმა კომპანიამ, რომელმაც ეგზიტპოლი გააკეთა, ის ციფრები რომ გადმოვიყვანოთ ცესკოს ციფრებზე 300 ათასი კი არა, რასაც ყველა ამბობს, 400 ათასი ხმა უნდა გააყალბონ, ეს არის ყოველი მეხუთე ხმა ორი მილიონიდან და ეს მე ვერ დავინახე იქ ვერაფერი. აი, ის ყველა გაყალბების გზები, რომლებიც ქალბატონმა პრეზიდენტმა აგვიხსნა თავიდან რაღაც „სომხური კარუსელიო“, მე ბოდიშს ვუხდი ყველა ჩვენს სომეხ მოქალაქეს და ჩვენს მეზობლებს, ქალბატონმა პრეზიდენტმა ეს ახსენა და მეც მიწევს ამის გამეორება, ამაზე სიტყვა არ არის „ოდირის“ დასკვნაში. „ოდირის“ დასკვნაში არაფერი წერია იმაზე, რომ თურმე ხელით შეჰყავდათ, უფრო სწორად წერია, მაგრამ განყენებული, რომ ხელით შეჰყავდათ თურმე ვიღაცის ID-ბარათების ნომრები იმიტომ, რომ ერთ პროცენტზე მეტი არის ხელით შეყვანილი და იქ უნდა ყოფილიყო 20% ხომ, ეს რომ გაკეთებულიყო. საერთოდ არაფერი წერია, 25 ათასი დამკვირვებელი გვყავდაო „ოდირი“ იძახის და არაფერი წერია იმაზე, რომ ვიღაცა ვიღაცის ID-ბარათს ხმარობდა, ამაზე არაფერი არ იყო და ეს იყო ზუსტად, რასაც ოპოზიცია ამტკიცებდა მოვიგეო რომ იძახდა. ახლა საერთოდ ლაპარაკია თურმე, რომ კი არ გაყალბდა, არამედ რაღაც კონფიდენციალურობა დაირღვა ხომ? ესეც მგონი სასამართლოში შეიტანეს ყოველ შემთხვევაში. და ჩემთვის თუ არ გაყალბდა და თუ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ხალხმა აირჩია და მისცა მას იმის უფლება, რომ მან მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელსაც არ სჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა. შენ შეიძლება ეს გადაწყვეტილება არ მოგწონდეს, იყო ოპოზიციის ამომრჩეველი და არ მოგწონდეს და იყო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და მაინც არ მოგწონდეს რაღაც გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის დემოკრატია, რომ ჩვენ ისინი ავირჩიეთ და მათ მივეცით უფლება, რომ რაღაცები გააკეთონ და თუ ძალიან არ მოგვეწონა და ბევრ ხალხს არ მოგვეწონება, შეგვიძლია გამოვიდეთ, პროტესტი გამოვხატოთ მშვიდობიანად, წავიდეთ მერე სახლში და დაველოდოთ მუნიციპალურ არჩევნებს და გადავირჩიოთ. ეს არის ჩვენი უფლება და რაც არ არის ჩვენი უფლება – მოდი მე ახლა რახან არ მომწონს, ახალი არჩევნები ჩავატაროთ, მოდი ახლა მე შენ რაღაცებს გესვრი, დავწვავ, გადავწვავ და შევვარდები მაღაზიაში, რაღაცას მოვიპარავ და დავწვავ – ეს ჩვენი უფლება არ არის, ეს დემოკრატიის თამაშის წინააღმდეგ წასვლაა. არ ვიცი ყველაფერი ვთქვი თუ არა, მაგრამ რეალურად ჩემი სულისკვეთება იყო ეს, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ.