თბილისის სასულიერო აკადემია საქართველოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 47 წლის იუბილეს ულოცავს

თბილისის სასულიერო აკადემია საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47 წლის იუბილეს ულოცავს.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ! დღეს ქართველი ერი დიდი სიყვარულითა და ღრმა პატივისცემით გილოცავთ აღსაყდრების 47-ე წელს.

ღვთის განსაკუთრებული წყალობაა, რომ იმ უდიდესი განსაცდელების ჟამს, რაც ბოლო ათეული წლების მანძილზე დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას, თქვენ ბრძანდებით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ბრძენი საჭეთმპყრობელი. ისტორიის იმ რთულ მონაკვეთებში, როდესაც მძიმე კრიზისები იყო, ქართველ ერს თქვენ ეგულებოდით და ეგულებით მფარველად და საყრდენად. თქვენ იღებდით საკუთარ თავზე ყველა გამოწვევასა და შემოტევას და თქვენი ჩვეული სიმშვიდითა და მოუკლებელი ლოცვით აგრძელებდით მოღვაწეობას ერისა და ეკლესიის ერთობის შესანარჩუნებლად.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სამეცნიერო საბჭო, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უდიდესი მოწიწებით გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს და განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნავთ, რომ თუ არა თქვენი თავდაუზოგავი ბრძოლა, საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას, მრავალ სხვა სიკეთესთან ერთად, არ ექნებოდა უმაღლესი სასულიერო საღვთისმეტყველო სასწავლებელი, სადაც გამთლიანებულია რწმენა, ცოდნა და რომლის კურსდამთავრებულები ერთგულად ემსახურებიან დედა ეკლესიასა და სამშობლოს.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ! მთელი სისრულით ვაცნობიერებთ რა თქვენს უდიდეს ღვაწლს მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე, შევთხოვთ ღმერთს მოგანიჭოთ მრავალჟამიერი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომ თქვენი მამამთავრული ლოცვის მადლი რაც შეიძლება დიდხანს შეეწეოდეს და მფარველობდეს ღვთივკურთხეულ ქართველ ერს და ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს სამშობლოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები