სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები გადამზადების კურსს გაივლიან

  USAID-ის ინიციატივითა და ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში კიდევ ერთი პროექტი ,,ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურეობის გაძლიერება“ ხორციელდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების გადამზადებას და მათთვის სოფლის მეურნეობაში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას. სასწავლო პროგრამის საშუალებით მონაწილეები გაეცნობიან სასოფლო-სამეურნეო სფეროში ჩატარებულ სწავლებაში არსებულ თანამედროვე მეთოდებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის თებერვალ – მარტში გადამზადდება სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ორასამდე თანამშრომელი.
საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ილია კვიტაიშვილმა სერტიფიკატები გადასცეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 7 რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის 26 თანამშრომელს. მათ უკვე გაიარეს SEAS პროექტის მიერ ორგანიზებული სასწავლო პროგრამის კურსი.
2013 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩამოაყალიბა და სპეციალისტებით დააკომპლექტა რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები. USAID და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეთანხმებით დაიგეგმა SEAS პროგრამის განხორციელებაც, რაც დაეხმარებოდა საკონსულტაციო-საინფორმაციო ქსელის განვითარებას. SEAS პროექტი მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას:
1) დაეხმაროს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის სისტემის მართვის სტრუქტურის და პროცედურების შემუშავებასა და განხორციელებაში
2) გააუმჯობესოს რაიონში დაფუძნებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლების ცოდნა.
პროექტს უძღვება ილინოისის უნივერსიტეტი, რომლის პროფესორ-მასწავლებლების დახმარებითაც განხორციელდება ეს ორ წლიანი პროექტი.
SEAS პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის წარმოების პრაქტიკების გაუმჯობესება, პროდუქტულობის ზრდა და სიღარიბის შემცირება. SEAS-ის და სხვა პროექტების საშუალებით აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და სტაბილურობის გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები