აბიტურიენტთათვის რეგისტრაცია 20 თებერვალს იწყება
აბიტურიენტთათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია 20 თებერვალს იწყება – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აბიტურიენტთა რეგისტრაცია 20 თებერვალს დაიწყება და ისინი 21 მარტის ჩათვლით ერთიანი ეროვნული გამოცდების ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ.
მაია მიმინოშვილმა 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სიახლეებზეც ისაუბრა.
“აბიტურიენტებისთვის უცხოური ენის ტესტს მოსმენის დავალება დაემატა. 100 –ქულიანი ტესტიდან მოსმენას 8 ქულა დაეთმობა და მოსმენისთვის 8-10 წუთია გათვალისწინებული. ამ სიახლისთვის სავარჯიშო ტესტები დისკის სახით ყველა საჯარო სკოლაში უკვე დარიგდა”, – აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.
გარდა ამისა, წელს, აბიტურიენტებს საშუალება აქვთ არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ჩააბარონ. როგორც მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კიდევ ერთი სიახლეა მოსალოდნელი.
“ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 20-დან 23 ქულამდეა – აბიტურიენტმა 24 ქულა მაინც უნდა მიიღოს, რომ უპირობოდ გააგრძელოს კონკურსში მონაწილეობა, თუმცა, ცვლილებების გათვალისწინებით, ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებს ის აბიტურიენტი, რომელმაც შედარებით რთული ვარიანტი დაწერა”, – აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ივნისის ბოლოს დაიწყება.