სათნოების სახლიდან საავადმყოფოში კიდევ ორი მოხუცი გადაიყვანეს
სამტრედიის წმიდა ქეთევანის სახელობის სათნოების სახლიდან, წუხელ ღამით, დაახლოებით 12 საათზე, საავადმყოფოში კიდევ ორი მოხუცი გადაიყვანეს.
როგორც “კვირას“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ თადუმაძემ განუცხადა, მოხუცები ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.
მისი თქმით, ბენეფიციარებს ტემპერატურის მატება აღენიშნებოდათ. თადუმაძის განმარტებით, მოხუცებს უკვე ჩაუტარდათ საჭირო სამედიცინო დახმარება და ავადმყოფთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„წუხელ თბილისიდან კატასტროფის ცენტრი ჩამოვიდა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოგზავნა. მათ ახლდათ ორი ექიმი, რომლებმაც გასინჯეს მოხუცები და მიიჩნიეს, რომ მათი მდგომარეობა მძიმე იყო. შესაბამისად, საჭიროდ ჩათვალეს, გადაეყვანათ საავადმყოფოში. მოხუცებს ყველანაირი საჭირო სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. მათ ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება. სათნოების სახლში გამოცხადებულია კარანტინი და მოხუცები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან,“ – განაცხადა ავთანდილ თადუმაძემ.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიის წმიდა ქეთევანის სახელობის სათნოების სახლის ხუთი ბინადარი მძიმე ვირუსის შედეგად გარდაიცვალა, რამდენიმე ბენეფიციარი კი მაღალი სიცხეებით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.